რუსეთი ოჩამჩირის ნავსადგურის სამხედრო პორტად გადასაქცევად მუშაობს - ანტისაოკუპაციო მოძრაობა
12:34 / 20.03.2024
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთი თანმიმდევრულად მუშაობს ოჩამჩირის პორტში სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსებაზე.
ქაცარავა ფოტოსა და ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ოჩამჩირეში მიმდინარე მშენებლობის პროცესი ჩანს.
"მიმდინარე წლის დასაწყისშიც გაკეთდა არაერთი განცხადება იმის თაობაზე, რომ ოჩამჩირეს პორტი უკვე წელს, 2024 დაიწყებს ფუნქციონირებას, როგორც რუსეთის სამხედრო პორტი. მუშაობენ რუსები. ამზადებენ პორტს რუსული სამხედრო გემების მისაღებად. სამშენებლო პროცესი არ ჩერდება არც ერთი წუთით", - წერს ქაცარავა.
2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ოჩამჩირის რეგიონში რუსეთის საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზების შექმნის შესახებ განაცხადა, 19 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე კი თქვა, რომ "რუსეთის საზღვაო ძალების ბაზის განლაგება ოჩამჩირეში შეესაბამება აფხაზეთის ინტერესებს".
მასალის გამოყენების პირობები