ახალი ამბები
ამერიკის მთავრობა და ამერიკელი ხალხი გავაგრძელებთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას, - აშშ - ის ელჩი რობინ დანიგანი ზუგდიდში (ვიდეო)
საქართველოში აშშ - ის ელჩი რობინ დანიგანი ზუგდიდში იმყოფებოდა. ელჩი სამოქალაქო ორგანიზაციის, ადგილობრივი ხელისუფლების და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებში ასევე მონაწილეობდა USAID-ის პროგრამის ხელმძღვანელი კორტნი კლარკი.

ვიზიტის ფარგლებში, ელჩი დადიანების სასახლეს ესტუმრა და დაათვალიერა მუზეუმი, მათ შორის, აშშ-ს მთავრობის გრანტით რესტავრირებული ექსპონატები და დარბაზები, რის შემდეგაც, მან მცირე კომენტარი გააკეთა ადგილობრივ მედიასთან დადიანების სასახლის ეზოში. რობინ დანიგანმა აღნიშნა, რომ ეს იყო მისი პირველი ვიზიტი რეგიონში, ელჩის რანგში:
"პირველად ვიმყოფები სამეგრელოში, რომელიც მართლაც გამორჩეული ადგილია თავისი სილამაზით, ნამდვილად მოვიხიბლე აქაურობით. მიყვარს ზუგდიდი, ეს არის ქალაქი ძლიერი ენერგიით. შესაძლებლობა მქონდა, ვწვეოდი დადიანების სასახლეს, რომელიც ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით რესტავრირდა და დავათვალიერე ის მუზეუმის ნივთები, რომელთა რესტავრაციაც, ასევე, ამერიკის მთავრობამ დააფინანსა. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ის ხაზს უსვამს, რამდენად ლამაზია საქართველოს კულტურა და ისტორია. დღეს, ასევე, გვქონდა შესაძლებლობა შევხვედროდით სამეგრელოს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებს და მოხარულები ვართ რომ მათ მხარს ვუჭერთ. ბოლოს შევხვდით მთავრობის წარმომადგენლებს, გუბერნატორს, მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს. ვისაუბრეთ მიღწეულ წარმატებებზე და რეგიონისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რაც ხალხის წინაშე დგას", - აღნიშნა ელჩმა ზუგდიდში.

ელჩმა ასევე პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის 31 ივლისის განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების შეჩერების თაობაზე.

ჟურნალისტების შესაბამის კითხვას, მან უპასუხა, რომ მიუხედავად საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებისა, ამერიკის მთავრობა აგრძელებს ქართველი სტუდენტების, მასწავლებლების, ფერმერების, მცირე ბიზნესის მფლობელების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დახმარებას, ასევე გრძელდება დახმარება საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართაც.

"პირველ რიგში, მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ, ამერიკის მთავრობა და ამერიკელი ხალხი გავაგრძელებთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას. 33 წელია ჩვენ პარტნიორები ვართ. 33 წლის მანძილზე, ერთად ვმუშაობთ და ვიბრძვით, ერთად ავაშენეთ სკოლები, საავადმყოფოები და ამას საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ვაკეთებთ და ამ გზას გავაგრძელებთ.

თქვენ მკითხეთ სახელმწიფო მდივნის გუშინდელ განცხადებაზე, რომ ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობის მიმართ გარკვეულ დახმარებებს, ეს რატომ გავაკეთეთ, ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია საქართველოს მთავრობასთან იმ ნაბიჯებზე, რაც ჩვენს შეშფოთებას იწვევს, მაგალითად, ისეთი ანტიდემოკრატიული ქმედება როგორიც "უცხოური გავლენის კანონია", თუმცა არის სხვა საკითხებიც, მცდარი/ყალბი განცხადებები ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ნეგატიური რიტორიკა აშშ-სა და ზოგადად, დასავლეთის მიმართ. ჩვენ ბევრჯერ გამოვხატეთ შეშფოთება და ვთხოვეთ მთავრობას, გადახედოს მის ქმედებებს. ჩვენ ასევე ვუთხარით, რომ გადავხედავდით ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. გუშინ კი მდივანმა ბლინკენმა გამოაცხადა, რომ ამ განხილვის შედეგად, ის აჩერებს ჩვენი დახმარების გარკვეულ ნაწილს, რომელიც პირდაპირ მთავრობას მიეწოდება. ჩვენ ვაგრძელებთ სტუდენტების, მასწავლებლების, ფერმერების, მცირე ბიზნესის მფლობელების, სამოქალაქო აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერას. ასევე გაგრძელდება ჩვენი დახმარება საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ. როგორც სახელმწიფო მდივანმა თქვა, ყველაფერი განხილვის პროცესშია. ევროკავშირმა განაცხადა, რომ ამ ქმედებებმა და დეზინფორმაციამ გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება. ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ ერთად მუშაობა, რათა დავეხმაროთ ქართველი ხალხის მისწრაფებების რეალიზებას, გახდეს დასავლური დემოკრატიების ოჯახის წევრი"
- თქვა ელჩმა.

აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამეგრელო-ზემო სვანეთში ვიზიტს აგრძელებს. დღეს მესტიაში მიემგზავრება და როგორც თვითონ ამბობს, მოუთმენლად ელის რეგიონის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

Print