ახალი ამბები
სამ თვეში სამეგრელო-ზემო სვანეთში 56 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - სტატისტიკა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის მეორე კვარტალში (აპრილი, მაისი, ივნისი) სამეგრელო-ზემო სვანეთში 56 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ეს რიცხვი იანვარ-მარტის მონაცემებს 18-ით აღემატება.

ამავე ცნობით, შემთხვევების შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა, 85 კი დაშავდა.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებზე სამართალწარმოება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

როგორც შსს-ში განმარტავენ, საქართველოს მასშტაბით, დროის ამ მონაკვეთში 1408 ავტოსაგზაო ინციდენტი აღირიცხა. მათ შედეგად, დაშავდა - 1861, ხოლო დაიღუპა - 86 ადამიანი.

კატეგორიების მიხედვით, ავტოავარიების გამომწვევი სავარაუდო მიზეზებიდან "შეჯახება ქვეით მოსიარულეზე" სჭარბობს.

Print