ახალი ამბები
სამ თვეში სამეგრელოში ნარკოტიკულ თრობაზე 77 პირი შეამოწმეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამსახურის სტატისტიკით, 2024 წლის მეორე კვარტალში სამეგრელოში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 77 პირი შემოწმდა.

მონაცემების მიხედვით, მათგან 63-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.

შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ უწყებაში წარდგენილი და დადებითი შედეგის მონაცემებში, ასაკობრივი კატეგორიით, 25-44 წლის მოქალაქეები სჭარბობენ. ამ ჯგუფში 39 შემოწმებულიდან 33 დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა.

45-დან 60 წლის ჩათვლით, ნარკოტესტირება 31-მა ადამიანმა გიარა, 25-მა კი დადებითი შედეგი აჩვენა. 60 წლის ზევით შემოწმებული 7 პირიდან 5-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.

ინფორმაციისთვის, იანვარ-მარტის მონაცემებთან შედარებით, გასული 3 თვის სტატისტიკა გაუმჯობესებულია. 2024 წლის პირველ კვარტალში რეგიონში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე ტესტირებისთვის 114 პირი წარადგინეს, მათგან 97-ს კი თრობა გამოუვლინდა.

Print