ახალი ამბები
ძალოვანი სტრუქტურებისთვის შოკოლადისა და კანფეტის შესასყიდად 3.3 მილიონი ლარი დაიხარჯება
ძალოვანი სტრუქტურებისთვის შოკოლადისა და კარამელის შესასყიდად საქართველოს ბიუჯეტიდან 3 399 226 ლარი დაიხარჯება. შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის ობიექტია შოკოლადი გულსართით - ბატონის ტიპის, ასევე, სამარხვო/არასამარხვო შოკოლადი. რაც შეეხება კარამელის კანფეტს, ის უნდა იყოს სხვადასხვა ხილის არომატით, ჯემის შიგთავსით ან/და მის გარეშე, მინიმუმ 4 სახეობა.

ამავე ცნობით, ტენდერი კონსოლიდირებული ტიპისაა და მასში ძალოვანი სტრუქტურის სხვადასხვა ორგანიზაცია მონაწილეობს.

მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯამში 70 ტონა "ბატონის" ტიპის შოკოლადის ყიდვას გეგმავს, რომელთა მიწოდების ადგილი იქნება: თბილისი, ქიზიყის ქუჩა და ზუგდიდი, ბ. ბერანძის ქ, N9.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აღნიშნულ მისამართებზე შოკოლადების მიწოდება უნდა მოხდეს არაუმეტეს თვეში ორჯერ, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.

ტენდერში წინადადებები 15-16 იანვარს მიიღება. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეასრულოს. აღნიშნული ვადა შესაძლებელია ხელშეკრულებით გაიზარდოს და განისაზღვროს არაუგვიანეს 2026 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
Print