სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარედ პროევროპული საპროტესტო აქციები უკვე 61 დღეა მიმდინარეობს. სხვადასხვა ასაკისა
და პროფესიის წარმომადგენლები კვლავ შეიკრიბნენ და გააჟღერეს საერთო სახალხო პროტესტის უმთავრესი მოთხოვნები - გათავისუფლდეს "რეჟიმის" პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ხელახალი, სამართლიანი არჩევნები.

მოქალაქეებს, მსგავსად წინა კვირებისა, ხელში საპროტესტო შინაარსის ტრანსპარანტები, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები უჭირავთ.

აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელებმა სამოქალაქო აქტივისტს, შალვა ესართიას, რომელსაც სახეზე ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღაბი ეკეთა, სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს და განუმარტეს, რომ შეკრება-მანიფესტაციების დროს სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა აკრძალულია.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. ამ დღიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქში პერმანენტული პროევროპული საპროტესტო აქციები იმართება. ზუგდიდში მოქალაქეების ნაწილი 28 ნოემბრიდან აპროტესტებს "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას.

მოქალაქეები კვლავ მიიჩნევენ, რომ რომ საქართველოს ევროპული მომავალი და ევროატლანტიკურ სივრცეში ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია მოსახლეობის უმრავლესობის ისტორიული არჩევანია, ამ გზიდან გადახვევა კი სახელმწიფოს ღალატია. ისინი მიუთითებენ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლზე, რომელიც ხელისუფლებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის გაწევრიანებისთვის ყველა ზომის მიღებას ავალდებულებს.
მასალის გამოყენების პირობები