ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა. ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს.
მათივე თქმით, დილიდან ქალაქისა და სოფლების გზები ინტენსიურად იწმინდება. პროცესს ადგილზე ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია ეცნობა.
როგორც მერიაში აღნიშნავენ, გაწმენდით სამუშაოებში მუნიციპალური სამსახურებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის კუთვნილი ტექნიკაა ჩართული.
„თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების მხრივ. შეფერხებით მოძრაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გვაქვს თხუთმეტი ყველაზე მწვავე ლოკაცია, ძირითადად მაღალი ზონის სოფლებში, თუმცა დილიდან მუნიციპალური სამსახურებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის კუთვნილი ტექნიკა ჩართულია გაწმენდით სამუშაოებში, ამ დროისთვის ძირითადი ლოკაციები გაწმენდილია, აღდგენილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ასევე გვაქვს შეფერხებები ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, ,,ენერგო პრო ჯორჯიას“-თან ერთად ვმუშაობთ რათა შემჭიდროებულ ვადებში აღმოიფხვრას აღნიშნული პრობლემა, ვაგრძელებთ სამუშაოებს და ყველა ლოკაცია იქნება თოვლისგან გაწმენდილი“, -განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ.
ცნობისთვის, მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ ზუგდიდში უამინდობის გამო, მუნიციპალური ავტობუსები სხვადასხვა მიმართულებით შეფერხებით მოძრაობენ.
ფოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია
მასალის გამოყენების პირობები