დიდთოვლობის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შენარჩუნებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები
ზვავსაშიშროების, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. საერთაშორისო მაგისტრალებისა და შიდასახელმწიფოებრივი გზების წმენდისათვის მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ამავე ცნობით, დაბალი ტემპერატურის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ42-კმ180 (აღაიანის სატრანსპორტო კვანძი - ზესტაფონის სატრანსპორტო კვანძი),ასევე, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ184 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთებზე.
ინტენსიური თოვის, ლიპყინულის, ზვავსაშიშროების და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზეც.
ამასთან, დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე, თავი შეიკავონ მგაზვრობისგან, ასევე, გადაადგილდნენ გამართული სატრანსპორტო საშუალებით, სეზონის შესაბამისი საბურავებით და დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები.
მასალის გამოყენების პირობები