ახალი ამბები
„აზიმუტმა“ სოხუმის აეროპორტი დაფრენის სისტემით აღჭურვა
კომპანია „აზიმუტმა“ სოხუმის აეროპორტი დაფრენის ინსტრუმენტული სისტემით ILS 2700 აღჭურვა. ინფორმაციას Rostec-ის ვებგვერდი ავრცელებს.

ამავე ცნობით, სხვა რუსულ აღჭურვილობასთან ერთად, რომელიც მომავალში დამონტაჟდება, სისტემა სოხუმის აეროპორტს სხვადასხვა კატეგორიის თვითმფრინავების მიღების საშუალებას მისცემს.

„ჩვენი კომპანია პარტნიორებთან და მომხმარებელთან ერთად ახორციელებს სოხუმის აეროპორტის ყოვლისმომცველ აღჭურვას ფრენის რადიოტექნიკური მხარდაჭერით და საჰაერო მოძრაობის კონტროლის აღჭურვილობით. ჩვენი დასაფრენი სისტემის წყალობით, აფხაზეთის აეროპორტს ახლა შეუძლია მიიღოს სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავები ნებისმიერ ამინდის პირობებში, მათ შორის არასასურველ პირობებში. 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველი რეისი უკვე დაეშვა სოხუმში ILS 2700 სისტემით”, - განაცხადა ალექსეი გალჩენკოვმა, "აზიმუტის" გენერალური დირექტორის მოადგილემ.

აქვე აღნიშნულია, რომ "აზიმუტის" მიერ წარმოებული ინსტრუმენტული დასაფრენი სისტემა ILS 2700 უკვე დანერგილია რუსეთის, ბელორუსის, სომხეთისა და ყაზახეთის აეროპორტებში.

სოხუმის აეროპორტმა მოსკოვიდან პირველი სატესტო რეისი 7 თებერვალს მიიღო. ამავე ცნობით, ფრენა რუსულმა ავიაკომპანიამ „ЮВТ Аэро"-მ შეასრულა.

ცნობისთვის, 2006 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO - მ გააუქმა სოხუმის აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო ინფორმაცია ამის შესახებ. ICAO-ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. აღნიშნული კოდის მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება.




Print