რუსეთმა, შესაძლოა, ელექტროენერგიის გაზრდილი მოცულობა მიაწოდოს აფხაზეთს, ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის ე.წ. სამინისტროს ხელმძღვანელმა ჯანსუხ ნანბამ განაცხადა, „მინისტრთა კაბინეტის“ სხდომაზე რომელსაც „პრეზიდენტი“ ბადრა გუნბა ხელმძღვანელობდა, წერს „აფსნიპრესი“.
„დაბალი ტემპერატურა ხელს არ უწყობს წყლის ნაკადის ზრდას. შესაბამისად, ჯვრის წყალსაცავში წყლის დონე მინიმალურია და ეს ჩვენთვის სერიოზული პრობლემაა. ამასთან დაკავშირებით, არსებობს საფრთხე, რომ ისევ მოგვიწიოს „მარაოსებრი“ გათიშვის გრაფიკის ამოქმედება. რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან თქვენი მოლაპარაკებების წყალობით, გუშინ უკვე მივიღეთ ინფორმაცია ჩვენი რუსი კოლეგებისგან, რომ სიტუაცია კიდევ ერთხელ გადაიხედება და დამატებითი დახმარების და ნაკადების მოცულობის გაზრდის კუთხით“, - განაცხადა ნანბამ.
მისივე თქმით, უკვე გადადგმული ნაბიჯებისა და ღონისძიებების წყალობით, შესაძლებელი იქნება დენის გათიშვის თავიდან აცილება.
”ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგთან საბრძოლველად,” - დასძინა გუნბამ.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბადრა გუნბას გამარჯვებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ „მოსკოვი გააგრძელებს სოხუმისთვის მრავალმხრივ დახმარებას ეროვნული უსაფრთხოების სფეროში, მწვავე სოციალურ-ეკონომიკური საკითხების გადაჭრასა და საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოებაში“.
1 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში "საპრეზიდენტო" არჩევნების მეორე ტური გაიმართა. „პრეზიდენტობისთვის“ ორი კანდიდატი იბრძოდა, ბადრა გუნბა, რომელსაც მოსკოვი ღიად უჭერდა მხარს და აფხაზი ოპოზიციონერი, ადგურ არძინბა.
დე ფაქტო ცესკოს მონაცემებით,
ბადრა გუნბამ „საპრეზიდენტო“ არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. მან ხმების 54,73% დააგროვა, ხოლო მეორე კანდიდატმა ადგურ არძინბამ - 41,54%.
„საპრეზიდნეტო“ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, რომელიც 15 თებერვალს გაიმართა,
რუსეთმა გააძლიერა კონტაქტები სოხუმთან და ბადრა გუნბას მხარდაჭერა.
ყოფილი “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 2024 წლის 19 ნოემბერს გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა. პასუხად, მოსკოვმა, მაშინ სრულად შეუწყვიტა სოხუმს ბიუჯეტის და ელექტროენერგიის კომერციული ნაკადის დაფინანსება.
2025 წლის თებერვლის პირველ ნახევარში, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის კომერციული ნაკადის
დაფინანსება განაახლა.
მასალის გამოყენების პირობები