ზუგდიდის სოფელ დარჩელში პოლიციის თანამშრომელი ახალგაზრდა კაცს დაეჯახა. დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მას ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში თავის ტვინის ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ დაშავებულის ნათესავმა მაია კალანდიამ უთხრა.
მისივე თქმით, გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო და პოლიციელი უკვე დაკავებულია. მას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა კი სამ წლამდე ვადით.
„შემთხვევა დარჩელის ცენტრში წუხელ მოხდა, დაახლოებით შვიდ საათზე. როგორც თვითმხილველებმა მითხრეს, დიდი სიჩქარით მომავალი მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც მართავდა შსს დარჩელის საუბნო პოლიციის თანამშრომელი კობა კვიტანძე, სხვა ავტომანქანასთან შეჯახების თავიდან აცილების მიზნით, გადავიდა ტროტუარზე და დაეჯახა 24 წლის მურმან კალანდიას. ასევე, თვითმხილველებმა დამიდასტურეს, რომ კობა კვიტანძე იყო ნასვამ მდგომარეობაში მყოფი. მურმანის მდგომარეობა უმძიმესია, რაც ექიმმა დაადასტურა. მას ჰყავს ორსული ცოლი და მძიმე შრომით ირჩენდნენ თავს“, - ამბობს კალანდია.
მისივე განმარტებით, ბრალდებული პოლიციელი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ მიმდინარე აქციებზე მორიგეობდა, ასევე, მარიამ სიჭინავას ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით გამოიკითხა.
მასალის გამოყენების პირობები