ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ სააღდგომოდ ბენეფიციარებისთვის კვების პროდუქტების შესაძენად 44 605 ლარი გამოყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 44 605 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. საუბარია მრავალშვილიანი ოჯახების, დედ-მამით ობოლი ბავშვების, ას წელს გადაცილებული პირების, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანების, მარტოხელა მშობლების, უკიდურესად შეჭირვებული ოჯახების, სოციალური საცხოვრისისა და უფასო სასადილოს ბენეფიციარებისათვის სადღესასწაულოდ სხვადასხვა კვების პროდუქტის შეძენაზე.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სულ 550 სასაჩუქრე პაკეტი უნდა დამზადდეს. თითოეულში კი შემდეგი პროდუქტები უნდა იდოს: 2 ქილა შესქელებული რძე, 2 შეკვრა შაქარი, 2 ნაღების კარაქი, 1 შეკვრა კარამელი, 1 ლიმონათი, ორი პასკა, 2 ყუთი კვერცხი, 1 პაკეტი ფქვილი, 1 პაკეტი მაკარონი, 1 ბოთლი ზეთი, 1 კოლოფი ვაფლის ტორტი, 1 შეკვრა წიწიბურა, ჩაი, 1 შეკვრა ბრინჯი, 1 ქათამი, 2 პაკეტი კვერცხის საღებავი.

ტენდერში წინადადებები 22-დან 24 მარტის ჩათვლით მიიღება. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება 2025 წლის 14-დან 16 აპრილამდე შეასრულოს ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული პირობები.

ცნობისთვის, გასულ წელს, ამავე ტიპის შესყიდვისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 51 040, ანუ 6 435 ლარით მეტი გამოიყო.

Print