ახალი ამბები
„ახლა გავიგეთ, რომ საბას გაუგრძელეს იზოლატორში ყოფნის ვადა“ - „ინდიგოს" აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი
"ინდიგოს" აღმასრულებელი დირექტორის ნატა ძველიშვილის ინფორმაციით, გამოცემის ჟურნალისტს საბა სორდიას გაურკვეველი მიზეზებით იზოლატორში ყოფნის ვადა გაუგრძელეს. ამის შესახებ ძველიშვილმა ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

„ახლა გავიგეთ, რომ საბას გაუგრძელეს იზოლატორში ყოფნის ვადა. როდის იქნება სასამართლო, ამასაც წინასწარ არავინ ამბობს, ესეც შემთხვევით უნდა გავიგოთ.“ — წერს ნატა ძველიშვილი.

სორდია 6 აპრილს, დღის საათებში მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ჟურნალისტის თქმით, მის დაკავებას წინ უძღოდა პოლიციის მხრიდან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მოთხოვნა. შემდეგ, მას ჩანთის გახსნაც მოსთხოვეს, რასაც დაემორჩილა, თუმცა პოლიციის მიერ ჩანთის კიდევ ერთი ჯიბის გახსნის მცდელობას შელაპარაკება მოჰყვა. ჟურნალისტმა უთხრა, რომ თავად გახსნიდა ჩანთას. შელაპარაკებას სორდიას დაკავება მოჰყვა.

„დაკავების მომენტში საბასთვის არ უთქვამთ, რომ აკავებდნენ და ამიტომ გადაჰყავდათ განყოფილებაში. უკვე განყოფილებაში ყოფნის დროს უთხრეს, რომ ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. ასევე, საბამ თქვა, რომ საპატრულო პოლიციის მანქანაში ყოფნის დროს მის მიმართ იყო ჰომოფობიური სიტყვები გამოყენებული იქიდან გამომდინარე, რომ მას საყურე ეკეთა“,- თქვა სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტმა, მარიამ ყველაშვილმა.

მისი განმარტებით, ჟურნალისტს ასევე ჩამოართვეს ვიდეოკამერა Go Pro, რის შემდეგაც სამართალდამცველებს რამდენჯერმე სთხოვა, რომ არ დაეკარგათ.

საბა სორდიას უფლებების დამცველის თქმით, მას კამერის დამტვრევითაც დაემუქრნენ.
Print