სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების მიერ 2021-2022 წლებში განხორციელებული საფინანსო- ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. დოკუმენტის თანახმად, გამოვლენილია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების ანგარიშვალდებულების, საკადრო უზრუნველყოფისა და შრომითი ხელშეკრულებების ნაკლოვანებები, ასევე, დანამატების გაცემის ხარვეზები, სამსახურებრივი ავტომობილების გამოყენების წესის დარღვევები.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2021-2022 წლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში დასაქმებულ მოხელეებზე, დამატებითი ფუნქციების დაკისრებისა და ამის საფუძველზე სახელფასო დანამატების გაცემის დროს, არ იყო გათვალისწინებული კანონმდებლობის მოთხოვნები, რაც კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე მიუთითებს და წარმოშობს დანამატების დასაბუთების გარეშე გაცემის რისკებს.
ამასთან, როგორც აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთში, მოხელეთა შვებულებაში გასვლის დროს არ ხდებოდა მინდობილი ავტომანქანების დაწესებულებისთვის ჩაბარება. შედეგად, შვებულების დროს, მინდობილ (განპიროვნებულ) ავტომანქანებში 2021-2022 წლებში სულ ჩასხმულია 3,128 ლიტრი საწვავი, ღირებულებით − 8,526 ლარი.
„ავტომანქანები გადაადგილდებოდნენ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე128 და არ ხდებოდა შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება, სადაც დასაბუთებული იქნებოდა მათი სამსახურებრივი მიზნებისთვის გამოყენების აუცილებლობა; ასევე მორიგე ავტოსატრანსპორტო საშუალებებს კონტროლის მიზნებისთვის არ გააჩნია დამონტაჟებული გადაადგილების GPS სანავიგაციო სისტემა“, - აღნიშნულია დოკუმენტში
ამავე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულებით, თანამშრომლებს პირად მფლობელობაში არსებულ ავტომობილებზე ყოველთვიური ლიმიტით ეძლეოდათ საწვავი, თუმცა არ არის დასაბუთებული საწვავის ლიმიტის დაწესების საჭიროება და რაოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმი.
აუდიტის სამსახურის მიერ გაცემულ რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველსაყოფად, თანამშრომლების პირად ავტომობილებზე საწვავი გაიცეს დასაბუთებულად, კონკრეტული სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე და განხორციელდეს სათანადო აღრიცხვა მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, სადაც განმარტებული იქნება საწვავის გაცემის მიზნობრიობა და ოდენობა.
გარდა ამისა, გამოვლენილია შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე ფულადი ჯილდოს გაცემის ხარვეზები. მაგალითად, ცალკეულ ადმინისტრაციებში, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ზემდგომი თანამდებობის პირების მიერ წარმოდგენილ მოხსენებით ბარათებში, ძირითადად, მითითებულია ფულადი ჯილდოების გაცემის კანონმდებლობით გათვალისწინებული კრიტერიუმები (დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით, სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისათვის, ფუნქციური დატვირთვისა და სამუშაოების სპეციფიკის გათვალისწინებით და სხვა) და არ არის აღწერილი იმ სამუშაოების დასახელებები, რომლის შესრულებისთვის მოსამსახურეზე გაცემული ფულადი ჯილდოდ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.
მასალის გამოყენების პირობები