ახალი ამბები
ბოჭორიშვილი: საჭიროდ მიგვაჩნია გალის მექანიზმის უპირობოდ განახლება
საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთოს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან ერთობლივ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გალის მექანიზმის უპირობო განახლების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს საკითხის განხილვა ეუთოს ფარგლებში უნდა გაგრძელდეს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის.

„საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - არის რუსეთის ოკუპაციის ქვეშ და რუსეთის მიერ კვლავ ირღვევა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა... ჩვენ ვაფასებთ ეუთო-ს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების ეფექტურ ფუნქციონირებას. ამ მხრივ, საჭიროდ მიგვაჩნია გალის მექანიზმის უპირობოდ განახლება. გარდა ამისა, ძალზე მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა მექანიზმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მთავრობას“, - აღნიშნა მან.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ენდობა ეუთოს და დასძინა: „ამის ნათელი მაგალითი იყო შარშანდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ეუთო/ODIHR-ში მიწვევა და მისიის შესრულებაში მაქსიმალური დახმარება“.

თავის მხრივ ფერიდუნ სინირლიოღლუმ თქვა, რომ ეუთო უწყვეტად ცდილობს, ჩაერთოს კონფლიქტის რეგულირების საქმეში.

„ინციდენტების პრევენციის მექანიზმი, ფაქტობრივად, უკვე სამოცი წლისაა. ეს გახლავთ ორგანიზაცია, რომელმაც არაერთგზის დაამტკიცა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება, განსაკუთრებით იმ რეგიონებსა და ქვეყნებს შორის, რომლებიც კონფლიქტში იმყოფებიან. ჩვენ გაგვაჩნია მედიაციის „მრავალპლანოვანი“ საშუალებები, რომლებსაც ასეთ შემთხვევებში ვიყენებთ. ჩვენ უწყვეტად ვცდილობთ, რომ ჩავერთოთ კონფლიქტების რეგულირების საქმეში. სტაბილურობა საქართველოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც მისი ხალხისთვის, ისე მთლიანად რეგიონის ინტერესებისთვის, მასში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებისთვის.

ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად ათეული წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენ გვინდა საქართველოს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ მოწოდებულები ვართ, ჩავერთოთ საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებაში ყველანაირი თვალსაზრისით და ყველა იმ საშუალებით, რომელიც ჩვენს ორგანიზაციას გააჩნია“. – განაცხადა ფერიდუნ სინირლიოღლუმ.

ინფორმაციისთვის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები გალში, სადაც ქართული მხარე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ურთიერთობდა, 2018 წლიდან არ ჩატარებულა.

ივნისში, ბოლო შეხვედრაზე, აფხაზურმა მხარემ მოითხოვა დღის წესრიგიდან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის ამოღება, რაზეც ქართულმა დელეგაციამ უარი განაცხადა, რის შემდეგაც აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა შეხვედრა დატოვეს. ამის შემდეგ მხარეების შეხვედრა არ გამართულა.
2023 წლის აპრილში, აფხაზური მხარე გამოვიდა წინადადებით, გალის ნაცვლად, შეხვედრები ე.წ. ნეიტრალურ ზონაში, ენგურის უკაცრიელ კუნძულზე განეახლებინათ. ქართულ მხარეს ამ შეთავაზებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

იმავე პერიოდში თბილისში განაცხადეს, რომ ქართული მხარე უარს ამბობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამგზავრო პასპორტით შესვლაზე, როგორც ამას აფხაზური მხარე ითხოვდა.

IPRM ფორმატი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებთან ერთად, შეიქმნა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს, შეერთებული შტატების, რუსეთის, ასევე სოხუმის (IPRM გალი) და ცხინვალის (IPRM ერგნეთში) მთავრობების წარმომადგენლები.

Print