ახალი ამბები
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს მიმართავს, გააუქმოს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი"
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ოლეგ ბარციცი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, გააუქმოს „კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ და ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებასაც.

ამის შესახებ მან რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ბარციცი ამბობს, რომ ყურადღების მიღმა არ რჩებათ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები, „ძირითად მეზობლებთან - აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების გაჯანსაღების შესახებ“, თუმცა, მისი თქმით, საჭიროა ამის პრაქტიკულად დადასტურება და რეალური ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის“ გაუქმება, რადგან ის „ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“.

“მეორე - ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ყველა კოლეგის ყურადღებას გავამახვილებთ ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებებზე - არის სამხედრო ძალის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. ამის შემდეგ შეიძლება სხვა რამეზე ვისაუბროთ“, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“ 2008 წლის აგვისტოს ომის და რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ მიიღო.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ ოლეგ ბარციცი „საგარეო საქმეთა მინისტრად" 2025 წლის 18 აპრილს დანიშნა. მან ამ პოსტზე სერგეი შამბა შეცვალა.

Print