სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა დაინიშნა.
"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის შესაბამისი
ბრძანება 22 აპრილს გამოიცა.
15 აპრილს, ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების სააგენტოს შექმნის შესახებ.
მანამდე, 20 თებერვალს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო
კანონი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა „სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო“.
„გრანტების შესახებ” საქართველოს კანონში მიღებული ცვლილებებით,სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოში 10-მდე ადამიანი დასაქმდება. მიმდინარე წელს სააგენტოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოეყოფა.
ამავდროულად, „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული სახით შეცვალა „გრანტების შესახებ“ კანონი. მასში შესული ცვლილებების თანახმად:
გრანტის გაცემისთვის აუცილებელია მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა;
პასუხისთვის დგინდება 10-დღიანი ვადა;
გასაჩივრება არ აჩერებს მთავრობის გადაწყვეტილებას;
თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალულია;
უნებართვო გრანტისთვის სასჯელი ეკისრება გრანტის მიმღებს - „საგრანტო თანხის ორმაგი ოდენობით“.
მედიის ინფორმაციით, თამარ ზოდელავა წლების განმავლობაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საპარლამენტო პროექტების მენეჯერი იყო.
მასალის გამოყენების პირობები