საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის და იძულების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადეს არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს და დასჯის მიზნით აიძულებდნენ მას არ დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი.
პროკურატურაში განმარტავენ, რომ სამართალდამცველებმა ბრალდებულები 25 აპრილს დააკავეს.
ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის “ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ოჯახში ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად არასრულწლოვანის მიმართ) და 11 პრიმა 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (იძულება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯგუფურად არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები