ახალი ამბები
ფოთის სასამართლომ შავი ზღვის დაბინძურებისთვის გემი 100 000 ლარით დააჯარიმა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.

მათივე ცნობით, პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა.

დეპარტამენტში ამბობენ, რომ გზდ-სა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, ფოთის სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად ცნო და 100 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს, უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ ზღვის დაბინძურების 4 ფაქტია გამოვლენილი, ხოლო 2024 წლის განმავლობაში ამავე სამართალდარღვევის 16 შემთხვევა აღირიცხა.

Print