ახალი ამბები
2024 წელს საქართველოსთვის დიდ საფრთხეს ოკუპაცია, უკანონო სამხედრო აქტივობები, ანექსიისკენ მიმართული ღონისძიებები წარმოადგენდა - სუს-ის ანგარიში
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მიმოხილულია საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი საფრთხეების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით გატარებული ღონისძიებები.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოსთვის ეროვნული უსაფრთხოების კუთხით, ყველაზე დიდ საფრთხეს კვლავ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და მისი თანამდევი პროცესები წარმოადგენდა.

სუს-ი აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ აქტიურად მიმდინარეობდა უკანონო სამხედრო აქტივობები, საოკუპაციო ძალის მიერ წარმოებდა 2 ანექსიისკენ მიმართული ღონისძიებები, გრძელდებოდა უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი. ამასთან, რუსეთის მიერ ოკუპაცია აქტიურად გამოიყენებოდა, როგორც ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ დესტრუქციული პოლიტიკის გასატარებლად.

”საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს, მდ. ფსოუზე ე.წ. გამშვები პუნქტის გაუქმების საკითხი მოსახლეობის საუკეთესო ინტერესად წარმოაჩინოს. რეალურად კი აღნიშნული რუსეთის მიზანს ემსახურება, რათა ანექსიისთვის შესაბამისი საფუძველი მოამზადოს. გარკვეული პერიოდულობით, ე.წ. გამშვები პუნქტის გაუქმების საკითხის გაჟღერება, მოცემულ ფაქტთან მოსახლეობის შეგუებას და მიმღებლობის ზრდას ისახავს მიზნად.

ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის ფარგლებში, რუსეთი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების „რუსიფიკაციის“ პოლიტიკას ატარებდა და ამ მიზნით სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტს იყენებდა. განსაკუთრებით აქტიურად მუშაობდა ოკუპირებული გალისა და ახალგორის რაიონებში რუსული უნივერსიტეტის მეშვეობით შექმნილი „ღია განათლების“ ცენტრები, პროექტის ფარგლებში ხორციელდებოდა პედაგოგებისა და სკოლის მოსწავლეების რუსულ ენასა და სხვა საგნებში გადამზადება. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული ქ. გალის სკოლებში „საწყისი სამხედრო მომზადების“ საგანი დაამატეს და მოსწავლეები „რესპუბლიკურ სამხედრო-სპორტულ თამაშებში“ ჩართეს”, - აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, სუს-ი განმარტავს, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შეინიშნებოდა ეთნიკურად ქართველებისგან „მტრის ხატის“ შექმნა/გაძლიერების მცდელობები. ოკუპირებული გალის რაიონის მოსწავლეებში სამხედრო თემატიკის შემოტანა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს არღვევს და მათ ინდოქტრინაციას ემსახურება.

„ოკუპირებული გალის რაიონის მოსახლეობის რუსიფიკაციის ფარგლებში ადგილზე „რუსული გეოგრაფიული საზოგადოების“ ე.წ. წარმომადგენლობისა და ახალგაზრდული კლუბის გახსნა დაანონსდა. ფუნქციონირებდა „როსსოტრუდნიჩესტვოს რესურს ცენტრი“. ასევე, ეწყობოდა „საბავშვო ბანაკები“, რომლებიც, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს სამომავლო პროფესიის არჩევაში ეხმარებოდა.

რუსეთის საოკუპაციო ძალის მიზანს წარმოადგენს, ოკუპირებული გალის რაიონის მოსახლეობის ქართული სახელმწიფოსგან დისტანცირება. შესაბამისად, რუსეთი ცდილობს ახალგაზრდებმა სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა არა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, არამედ რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონში განაგრძონ. აღნიშნული ე.წ. ბანაკების ფუნქციონირებაც სწორედ მოცემული პროცესის ნაწილია”.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ 2024 წელს საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. მოქალაქეობის მიღების წესი გაამკაცრა. ამ ცვლილებით გახანგრძლივდა ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართული მოსახლეობის ე.წ. შიდაპოლიტიკური მოვლენებიდან დისტანცირების პროცესი. „ბინადრობის ნებართვის“ მქონე პირებს ე.წ. მოქალაქეობის მოთხოვნის საშუალება, ნაცვლად 10-ისა, 25 წლის შემდეგ მიეცემათ.

2024 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში აქტიურად გაგრძელდა საერთაშორისო ორგანიზაციების დისკრედიტაციის პროცესი და მათი მუშაობის მნიშვნელოვნად შეზღუდვა. ზეწოლის ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მაშინდელი თანათავმჯდომარისათვის ოკუპირებულ აფხაზეთში შესვლაზე უარის თქმა. საოკუპაციო რეჟიმმა თანათავმჯდომარის განცხადებები ოფიციალური თბილისის მხარდაჭერად მიიჩნია.

საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა საოკუპაციო ძალის უკანონო აქტივობები, მათ შორის უკანონო დაკავებები და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. აგრეთვე, ვრცელდებოდა დეზინფორმაციული ნარატივები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების აგრესორად წარმოჩენისა და მისგან მომდინარე ჰიპოთეზურ „საფრთხეებთან“ დაკავშირებით.

დოკუმენტში წერია, რომ საანგარიშო პერიოდში, აფხაზეთის მიმართულებით იდენტიფიცირდა უკანონოდ დაკავების 37 შემთხვევა.

სუს-ის 2024 წლის ანგარიში შეგიძლიათ ვრცლად ნახოთ ბმულზე: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში (რეგისტრაციის № 1-3204/25/11, ანგარიში)


Print