ახალი ამბები
სოხუმის აეროპორტის აღდგენით რუსეთი ოკუპირებული რეგიონის კონტროლისთვის დამატებით ბერკეტს მოიპოვებს - სუს-ის ანგარიში
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, სოხუმის აეროპორტის აღდგენით რუსეთი ოკუპირებული რეგიონის კონტროლისთვის დამატებით პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბერკეტს მოიპოვებს.

დოკუმენტში წერია, რომ ოკუპირებული რეგიონი შეეცდება აეროპორტის ფუნქციონირება რეგიონის განვითარების „ინდიკატორად“ წარმოაჩინოს, ე.წ. დამოუკიდებლობის ილუზია შექმნას და საერთაშორისო ასპარეზზე ე.წ. სტატუსის მოსაპოვებლად გამოიყენოს.

ამასთან, უწყებაში განმარტეს, რომ ანექსიური პოლიტიკის ნაწილია ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში დაანონსებული სამხედრო-საზღვაო ფლოტის „მუდმივი ბაზირების პუნქტის“ შექმნის საკითხი. საანგარიშო პერიოდში ადგილზე გარკვეული სამუშაოები დაფიქსირდა. კერძოდ, გაიკაფა ტყის მასივის გარკვეული ზონები და განხორციელდა საზღვაო აკვატორიის გაწმენდითი სამუშაოები.

„მაღალი ალბათობით, ოკუპირებული ოჩამჩირის პორტში მიმდინარე სამუშაოები პირდაპირ არ უკავშირდება რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის მშენებლობას. მიმდინარე პროცესი, სავარაუდოდ, წარმოადგენს ე.წ. საკონტეინერო გადაზიდვის ტერმინალის მშენებლობის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს“, - წერია დოკუმენტში.

გარდა ამისა, სუს-ი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე „რუსული იურიდიული პირების მიერ საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ“ ე.წ. შეთანხმების ამოქმედების მცდელობასაც გამოეხმაურა.

უწყების ცნობით, ე.წ. შეთანხმება რუსი „ინვესტორებისთვის“ პრივილეგიებს ითვალისწინებდა. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული მსხვილი ბიზნესის გაძლიერება კი საგრძნობლად შეავიწროებდა ადგილობრივ „მცირე ბიზნესს“. ამავდროულად, ის ტურიზმის სფეროში | „ინვესტიციებსა“ და მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობასაც 9 ითვალისწინებდა, რაც, ფაქტობრივად, „აპარტამენტების“ მშენებლობის პროექტის ტოლფასი იყო.

სხვა ზემოაღნიშნული შემთხვევების მსგავსად, ადგილობრივ მოსახლეობას, მოცემულ ე.წ. შეთანხმებაზეც მკვეთრად ნეგატიური პოზიცია ჰქონდა. საოკუპაციო რეჟიმი აქტიურად ცდილობდა მოსახლეობა დაერწმუნებინა, რომ „ინვესტიციების შესახებ“ ე.წ. შეთანხმება რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, ხოლო მასზე უარი - „ანტირუსულ ქმედებად“ იქნებოდა შეფასებული.

Print