რეგიონი
სამეგრელოში, სამედიცინო დაწესებულებაში ყალბ ნარკოლოგიურ ცნობებს გასცემდნენ - მხილებულია ორი პირი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვის, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღებისა და გულგრილობის ფაქტებზე ორი პირი ამხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელიც მუშაობდა სამეგრელოს რეგიონში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, დაინტერესებულ პირებზე, შესაბამისი პროცედურების გავლის გარეშე, გასცა ყალბი ცნობები ნარკოლოგიური შემოწმების თაობაზე, ხოლო, მეორე ბრალდებულმა, თავის მხრივ, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, გამოიჩინა გულგრილობა და არ განახორციელა შესაბამისი კონტროლი ცნობების გაცემაზე.

აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე, 362-ე და 2201-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

Print