ახალი ამბები
დადიანების მუზეუმი 104 წლის გახდა
1 მაისი დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დაარსების დღეა. 2025 წლისთვის მუზეუმი თავისი არსებობის 104 წელს ითვლის.

დადიანების სასახლის ადმინისტრაცია ფბ გვერდზე წერს, რომ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, მუზეუმის ორივე სასახლის გამოფენები ვიზიტორებისთვის უფასო იქნება.

„1921 წლის 1 მაისს მუზეუმმა მიიღო პირველი დამთვალიერებელი, რაც მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის ისტორიაში.

მუზეუმის დამაარსებელი და პირველი დირექტორი გახლდათ აკაკი ჭანტურია (1881-1941), დაბადებული სოფელ ჩქვალერში, მღვდელ ივანე ჭანტურიასა და ხანძე შამუგიას ოჯახში. მან მიიღო მრავალმხრივი განათლება: პირველი ახალსენაკის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ კი სწავლობდა ლონდონის უნივერსიტეტში, სადაც დაეუფლა გეოლოგიას, არქეოლოგიას, ეთნოგრაფიას, ისტორიას, კარტოგრაფიას, სამუზეუმო საქმეს, ფილოლოგიას და ხელოვნებას.

განათლების მიღების შემდეგ, 1920 წელს ინგლისელ მეუღლესთან, ქეთრინ უოლტერ ბოლთან ერთად საქართველოში დაბრუნდა. მისი მთავარი მიზანი ზუგდიდში მუზეუმის დაარსება იყო, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნულმა მთავრობამ მას შესთავაზა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი.

1921 წლის 1 მაისს აკაკი ჭანტურიას ძალისხმევით გაიხსნა მუზეუმი „სამეგრელოს მუზეუმის" სახელწოდებით. მუზეუმი დაფუძნდა დადიანების სასახლეში, სადაც მან უზრუნველყო არა მხოლოდ დადიანების ოჯახის კუთვნილი ნივთებისა და წიგნების, არამედ საეკლესიო საგანძურის შენარჩუნებაც.

აკაკი ჭანტურიამ მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე იმუშავა 1940 წლის 23 იანვრამდე, მიუხედავად იმისა, რომ 1937 წლიდან ის განიცდიდა პოლიტიკურ დევნას, მან შეძლო მუზეუმის ფუნდამენტის ჩაყრა და ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენა”, - წერს ადმინისტრაცია.
დღეისათვის მუზეუმის ფონდები მოიცავს მრავალ უნიკალურ ექსპონატს, რომლებიც ასახავენ სამეგრელოს სამთავროს მდიდარ ისტორიას.

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი წარმოადგენს ეროვნული მნიშვნელობის კულტურულ ცენტრს, რომელიც ინახავს და იკვლევს საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილს.

Print