ახალი ამბები
სოხუმში მოკლული მამაკაცი, სავარაუდოდ, ქემალ არძინბას მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, - ტელეგრამის არხები
9 მაისს, სოხუმში სროლის შედეგად მოკლული, გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე იძებნებოდა, როგორც კრიმინალური ავტორიტეტის, ქემალ არძინბას მკვლელობის შესაძლო თანამონაწილე. Telegram-ის არხების თანახმად, მოგვიანებით ის ქალაქის ერთ - ერთი ლუდის ბარში ჩადენილ მკვლელობასთან დაკავშირებით დააკავეს.
გუშინ სოხუმში სროლა იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე მისვლისას, საგამოძიებო ჯგუფმა დაადგინა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს სოხუმში მცხოვრებ გარიკ ავიძბას, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მკვლელობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები, „დანაშულის ყველა გარემოების დასადგენად და მასში მონაწილე პირების დასაკავებლად“.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ძმისშვილზე, ქემალ არძინბაზე შეიარაღებული თავდასხმა 2021 წლის 18 მაისს, საღამოს, სოხუმში, ჩაჩბას ქუჩაზე, მისი სახლის სადარბაზოსთან მოხდა.  დაჭრილი სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მას სამმა ნიღბიანმა პირმა ესროლა.

2021 წლის მაისში დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ“ განაცხადა, რომ ქემალ არძინბას მკვლელობის საქმეზე ბატალ ფილია დააკავეს.

ქემალ არძინბას ჩაცხრილვას უკავშირდება, სოხუმში 2021 წლის 17 ივლისს, „ახალ რაიონში“, ლუდის ბარში ატეხილი სროლაც, რის შედეგადაც სამი პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან ორის, რუსლან გუდალიას და ბესლან ძიბას გადარჩენა ვერ მოხერხდა, ასლან ზუხბას კი სამედიცინო დახმარება გაეწია.














Print