რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ "სიამოვნებით ეწვევა აფხაზეთს, რესპუბლიკის მეთაურის, ბადრი გუნბას მოწვევით".
რუსული მედიის თანახმად, პუტინმა ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტთან ბადრა გუნბასთან შეხვედრისას განაცხადა.
შეხვედრის ღია ნაწილის დასასრულს, აფხაზმა ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტს ნებისმიერ მისთვის მოსახერხებელ დროს აფხაზეთში ჩასვლა შესთავაზა.
„დიდი მადლობა, სიამოვნებით. თარიღს თქვენთან ერთად მოგვიანებით შევათანხმებთ,“ - თქვა პუტინმა გუნბას მოწვევის საპასუხოდ.
გარდა ამისა, პუტინმა შეხვედრისას თქვა, რომ მზად არის აფხაზეთთან ეკონომიკური და ტურისტული თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.
პუტინის თქმით, რუსეთი ელოდება, რომ წელს აფხაზეთთან ტურისტული ნაკადი მინიმუმ 7%-ით გაიზრდება.
„გასულ წელს [რუსეთსა და აფხაზეთს შორის] ტურისტული ნაკადების ზრდა მნიშვნელოვან მაჩვენებლებს აღწევდა. ველოდებით, რომ წელს ეს მაჩვენებელი მინიმუმ 7%-ით გაიზრდება, შესაძლოა მეტიც. ვიცი, რომ ლოგისტიკა და განსაკუთრებით აეროპორტი ძალიან მნიშვნელოვანია”.
პუტინმა გუნბა კრემლში 10 მაისს მიიღო, მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი,
9 მაისს, ნაციზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს და სამხედრო აღლუმს დაესწრო.
ოკუპირებულ აფხაზეთში "საპრეზიდენტო" არჩევნების
მეორე ტური 1 მარტს გაიმართა. „პრეზიდენტობისთვის“ ორი კანდიდატი იბრძოდა, ბადრა გუნბა, რომელსაც მოსკოვი ღიად უჭერდა მხარს და აფხაზი ოპოზიციონერი, ადგურ არძინბა.
დე ფაქტო ცესკოს მონაცემებით, გაიმარჯვა ბადრა გუნბამ, მან ხმების 54,73%, ხოლო ადგურ არძინბამ - 41,54% მიიღო .
2 მარტს პუტინმა გუნბას გამარჯვება მიულოცა, 5 მარტს კი ის
კრემლში მიიღო. შეხვედრაზე პუტინი გუნბას „ორმაგი მოქალაქეობის“, ელექტრომომარაგების და სხვა საკითხების მოგვარებას დაჰპირდა.
ვადამდელი „საპრეზიდეტო“ არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყოფილი “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 2024 წლის 19 ნოემბერს
გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის
ჩაშლა. პასუხად, მაშინ მოსკოვმა სოხუმს სრულად შეუჩერა დაფინანსება.
მასალის გამოყენების პირობები