ახალი ამბები
ზუგდიდში გურამ გაბესკირიას ბიუსტი გაიხსნა
ზუგდიდში, ეროვნული გმირების პარკში, საქართველოს ეროვნული გმირის, სოხუმის ყოფილი მერის, გურამ გაბესკირიას ბიუსტი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეროვნული გმირების ბიუსტები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზუგდიდის დელეგატმა, მუნიციპალიტეტის მერმა, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებმა და აფხაზეთის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა გვირგვინებით შეამკეს.

მერიაში განმარტავენ, რომ ეროვნული გმირების პარკში საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიაც გაიმართა.

გურამ გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს, ქალაქ სოხუმში დაიბადა. ის 1990 წელს მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის არჩევნებში. 1992 წელს სოხუმის მერი გახდა, 1993 წელს კი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, პოლკოვნიკმა გურამ გაბესკირიამ უარი განაცხადა ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებაზე, რის შემდეგაც ტყვედ აყვანილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის გაბესკირია, სეპარატისტებმა მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს.

2017 წლის 27 სექტემბერს, მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ამავე წლის ოქტომბერში, ნეშტის იდენტიფიცირებისა და თბილისში გადმოსვენების შემდეგ, გურამ გაბესკირია სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

ცნობისთვის, ზუგდიდში, ე.წ ფრანგული პარკის ტერიტორიაზე განთავსებულია მერაბ კოსტავას, ჟიული შარტავას, გენო ადამიას, მამია ალასანიას და 1924 წლის აჯანყებულთა ბიუსტები და მემორიალები.


ფოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია

Print