ახალი ამბები
ზუგდიდში მოქალაქეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აქცია - მსვლელობით აღნიშნეს პროტესტის 180 - ე დღეს (ფოტო)
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პარალელურად, 17 საათიდან ზუგდიდის „სკეიტ პარკთან“ შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც 180 - ე დღეა პროევროპულ აქციებს მართავენ.



ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტის მიღების 107- ე წლისთავზე, მათ საქართველოს, ევროკავშირის, აშშ-ს დროშებით და სხვადასხვა საპროტესტო შინაარსის ბანერებით, მსვლელობა გამართეს თავისუფლების მოედნისკენ. ისინი მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, შეუერთდნენ მათ, თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის.


გზად ისინი შეჩერდნენ ზვიად გამსახურდიას ძეგლთან და პატივი მიაგეს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას, რომელმაც 1991 წლის 9 აპრილს, როგორც საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.


ამის შემდეგ, აქცია - მსვლელობის მონაწილეები დაბრუნდნენ შეკრების ტრადიციულ ადგილზე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც თითქმის 6 თვეა მიდიან უცვლელი მოთხოვნით, დაინიშნოს ხელახალი სამართლიანი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციებისას დაკავებული დემონსტრანტები.


მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში პერმანენტული პროევროპული საპროტესტო აქციები იმართება.
Print