ახალი ამბები
რუსეთიდან სოხუმის აეროპორტში ფრენების გეოგრაფია ფართოვდება, - ბადრა გუნბა
რუსეთიდან სოხუმის აეროპორტში ფრენების გეოგრაფია ფართოვდება და ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ახალ მარშრუტებზე, რომლებიც საინტერესოა რუსეთის ფედერაციის ავიაკომპანიებისთვის.

ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ, „კავკასიის საინვესტიციო ფორუმის“ ფარგლებში, რუსულ TASS - ს განუცხადა. 

„რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის საჰაერო მიმოსვლა ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ფრენების გეოგრაფია ფართოვდება. რამდენიმე ავიაკომპანია აქტიურ ინტერესს იჩენს. დღეს ჩვენთან თვითმფრინავები უკვე დაფრინავენ მოსკოვიდან, ნიჟნი ნოვგოროდიდან და რუსეთის სხვა ქალაქებიდან. დარწმუნებული ვარ, წლის ბოლომდე გეოგრაფია გაფართოვდება“, - აღნიშნა გუნბამ.

მისი თქმით, სოხუმის აეროპორტი იყო და რჩება აეროპორტად, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი აქვს.

„აეროპორტი თითქმის მთელი წლის განმავლობაში ღიაა, არანაირი ამინდის პირობები არ გვიშლის ხელს ამ პროექტის განხორციელებაში და ამიტომ ვფიქრობ, რომ ბევრი ავიაკომპანია კმაყოფილებით და ინტერესით მოეკიდება ამ პროექტის განხორციელებას“, - აღნიშნა გუნბამ.

აფხაზმა ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ორ წელიწადში გაფართოვდება სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც რუსულ „სირიუსიდან“ დადის ოკუპირებულ აფხაზეთში. მოსალოდნელია, რომ „ლასტოჩკა“ სოჭისა და სოხუმის აეროპორტებსაც დააკავშირებს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტში ფრენები ყაზანიდან, უფიდან და ნალჩიკიდანაც შესრულდება.

1 მაისს, რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში პირველი რეგულარული რეისი შეასრულა ავიაკომპანია UVT Aero - მ, 13 მაისს კი ნიჟნი ნოვგოროდიდან ჩაფრინდა ავიაკომპანია Ikar Airlines - ის კუთვნილი 100 ადგილიანი თვითმფრინავი - Embraer 190.

მედიაში გამოქვეყნებული, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, სოხუმის აეროპორტის ოპერირება უკანონოა და ავიაკომპანია, რომელიც შეასრულებს რეისებს, „დაარღვევს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციის ფუნდამენტურ და ძირითად პრინციპებს“.

თბილისი აცხადებს, რომ საქართველო სარგებლობს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) „უპირობო მხარდაჭერით“.
Print