სამეგრელოში ძველ კოლხურ მოტივებზე აგებული პარკის მშენებლობის იდეა ოთხკაციან ჯგუფს ეკუთვნის. იდეის განხორციელების შემთხვევაში პარკში გაცოცხლებული იქნება ყველა ის დეტალი,
რომელიც კოლხეთის ისტორიას და არგონავტებს უკავშირდება. პროექტის ერთ-ერთი ავტორის ჯიმშერ შეროზიას თქმით, ისინი ამჟამად DMO- სთან ერთად ინვესტორის მოძიებაზე მუშაობენ.
“ეს იდეა მე, არქიტექტორ დათო ჯოლოგუას, ბესო არახამიას და ეკატერინე ფოცხვერიას გვეკუვთნის. პროექტის მიხედვით, პარკში ინსტალირებულია არგონავტების კოლხეთში მოგზაურობის ცალკეული სცენები. მაგალითად, აიეტის სასახლე, სადაც შუა დარბაზში განთავსებულია აიეტის ცნობილი შადრევანი. ასევე, პარკის ტერიტორიაზეა ცნობილი გემი "არგო" და იაზონისა და ცეცხლისმფრქვეველი ხარების ინსტალაცია, ოქროს საწმისი და მისი მცველი დრაკონი. პარკის ტერიტორიაზე განთავსებულია ძველბერძნული და ძველკოლხური თამაშობების სივრცეები და მცირე სასტუმრო, ასევე ძველი კოლხური ფრინველების კუთხე და ცხენების საჯინიბო და სხვა“, - ამბობს ჯიმშერ შეროზია.
აღნიშნული პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურისტული განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებში მოხვდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ (DMO) რეგიონის ტურიზმის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია 15 იანვარს ზუგდიდის ტექნოპარკში გამართა.
მასალის გამოყენების პირობები