ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია: შეღავათიან ტარიფებზე ვმუშაობთ
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ სააბონენტო ტარიფებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც დაანონსებულ შეღავათიან პაკეტებზე საუბარი არ არის.
აღნიშნულზე ადმინისტრაციაში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ ტარიფებზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა და ამ ეტაპისთვის მხოლოდ ძირითადი ფასებია შემუშავებული.
„გვექნება სხვადასხვა შეღავათიანი, საოჯახო და სოციალური პაკეტები, რომლებზეც მუშაობა მიმდინარეობს“ , - თქვა ბაღის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ზვიად ქარჩავამ.
ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ ბაღში შესვლა უფასო 15 მარტიდან 15 ნოემბრამდე, დილის 06:00 საათიდან 09:00 საათამდე იქნება. 15 ნოემბრიდან 15 მარტის ჩათვლით კი 07:00 საათიდან 10:00 საათამდე. ასევე, ბაღში უფასოდ შესვლა შეეძლებათ 9 წლამდე ბავშვებს.
ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის იანვრის ბოლოს დაიწყო. მისი სრული რეაბილიტაციისთვის 11 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
მასალის გამოყენების პირობები