სენაკში რაგბის 3 სტადიონი აშენდება
სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოქალაქევში მთავრობა „საქართველოს რაგბის კავშირს" უსასყიდლოდ გადასცემს მიწის ნაკვეთს, სადაც „საქართველოს რაგბის კავშირი" ბუნებრივი საფარის მქონე 3 რაგბის მოედანს ააშენებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტრიბუნა მინიმუმ 500 მაყურებელზე იქნება გათვლილი. ასევე, მოეწყობა გასახდელები, ექიმის ოთახი, გამწვანება, ავტოსადგომი, საფეხმავლო ბილიკები და სხვა.
ორგანიზაცია ამ სამუშაოებისთვის 300 000 ლარს დახარჯვას გეგმავს. საქართველოს რაგბის კავშირს სახელმწიფომ მიწა 49 წლიანი ვადით უსასყიდლოდ გადასცა.
"ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე სპორტის ამ სახეობის განვითარების ხელშეწყობისთვის. რაგბი საკმაოდ პოპულარულია სენაკის მუნიციპალიტეტში, სადაც, მიუხედავად სათანადო ინფრასტრუქტურის არ არსებობისა, მოქმედებს რაგბის რამოდენიმე სექცია. სავარჯიშო პროცესში ჩართულია 400-მდე მორაგბე", - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები