მარტვილში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა მარტვილის
რაიონის სოფელ ნაგვაზაოში,
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით,
ორი პირი დააკავეს. ამასთან, დაკავებულებს პ.დ.-ს და რ.მ.-ს
ნარკოტიკული საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვაში ედებათ ბრალი.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები მარტვილის რაიონის სოფელ
ნაგვაზაოში, ყაჩაღურად თავს დაესხნენ 1942 წელს დაბადებული მ.ჩ.-სა და
1940 წელს დაბადებული ც.ჩ-ს სახლს, სახლიდან ფული და ოქროს სამკაულები
გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ერთ-ერთი ქალბატონი -
მ.ჩ. შემთხვევის დროს ადგილზე გარდაიცვალა. დანიშნულია შესაბამისი
ექსპერტიზა გარდაცვალების მიზეზის დასადგენად", აღნიშნულია უწყების
განცხადებაში.
ცნობისთვის, სოფელ ნაგვაზაოში ერთ-ერთ ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა
მიმდინარე წლის 9 მარტს განხორციელდა.
მასალის გამოყენების პირობები