ზუგდიდის ვიცე-მერმა გია გულორდავამ მიხეილ ხუბუტიას ცაიშის
მიმდებარედ ავტორალისთვის შესაბამისი ტრასის
მოწყობა შესთავაზა. მან შესაბამისი წერილით რუსეთში მოღვაწე
ბიზნესმენს რამდენიმე დღის წინ მიმართა, თუმცა მისგან უარი მიიღო.
როგორც რადიო
„ათინათს“ გია გულორდავამ
უთხრა, ხუბუტიასთვის მიწერა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ზუგდიდელებს საცურაო აუზის აშენებას
დაჰპირდა. გულორდავას თქმით, ქალაქში ამ ეტაპზე ორი საცურაო აუზის
საჭიროება არ არსებობს და ბიზნესმენს, სწორედ მისი იდეის - ავტორალის
მოწყობა შესთავაზა.
"ცენტრალური ხელისუფლება ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტების
შესაბამისი აუზს აგვიშენებს. ამ ეტაპზე ორი დიდი ბასეინის არსებობას,
ჯობდა მეორე თემა განგვევითარებინა, რადგან ახალგაზრდების დიდი
მოთხოვნაა ავტორალზე. ამიტომ ვთხოვეთ მას, რომ აუზის ნაცვლად ცაიშის
მიმდებარედ ავტორალითვის ტრასა ააშენოს, თუმცა ამაზე უარი მოგვწერა.
"მე ვთქვი აუზიო, თანამოქალაქეებს აუზის აშენებას დავპირდიო და მაგას
გავაკეთებო". მას მერე მე პირადად მივწერე წერილი, რომ ჩვენ მზად ვართ
ის პირობა, რაც იყო თავიდან, რომ ჩვენ გამოვუყოფთ მიწის ნაკვეთს და ის
ააშენებს საცურაო აუზს, ისევ ძალაშია და მან ეს იცის", - თქვა
გულორდავამ.
რაც შეეხება მიწის ნაკვეთს, რომელიც მიხეილ ხუბუტიას აუზის
ასაშენებლად შესთავაზეს, გულორდავა ამბობს, რომ ის მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში დარჩება.
რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია 30 მაისს პირველი საჯარო
სკოლის იუბილეზე მოქალაქეებს ხუბულავას ქუჩაზე საცურაო აუზის აშენებას
დაჰპირდა.
"მიწის ნაკვეთი მთავრობამ გაჩუქათ, მე კი აუზს გაჩუქებთ", - უთხრა მან
იუბილეზე შეკრებილ მოქალაქეებს.
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კი 26 ივნისს ზუგდიდში, პირველი
ვიზიტისას განაცხადა, რომ ძველ პარკში (ყოფილი კომკავშირის პარკი)
ევროსტანდარტების სპორტკომპლექსი - საცურაო აუზი აშენდება.
ამავე თემაზე:
ბახტაძე:
ზუგდიდში საცურაო აუზს ავაშენებთ
მიხეილ ხუბუტია
ზუგდიდელებს საცურაო აუზის აშენებას დაჰპირდა
მასალის გამოყენების პირობები