ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ამ წუთებში
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა
მიმდინარეობს. რადიო
„ათინათს“ ერთ-ერთმა
ადგილობრივმა ზურან ნიჟარაძემ უთხრა, რომ მათ რეგიონული მართვის
განყოფილების ხელმძღვანელი სოზარ სუბარი, გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა
წულუკიანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად
ხვდებიან.
„ჩვენ უკვე გავაცანით ჩვენი ხედვა, როგორ შეიძლება ამ სოფლების
განვითარება, ხე-ტყის ჭრის საკითხის დარეგულირება, სოფლის მეურნეობისა
და შიდა ტურიზმის ხელშეწყობა. მათთგან ვხედავთ მზაობას, რომ ამ
საკითებზე მოლაპარაკებები გაგრძელდეს“, - გვითხრა ნიჟარაძემ.
შეხვედრას ხაიშელებთა და ჭუბერელებთან ერთად სხვა რამდენიმე სოფლის
მცხოვრებლებიც ესწრებიან.
26 ივლისს ხაიშში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სოფელში ფინანსური
პოლიციის წარმომადგენლები და სპეცრაზმი შევიდა. ხაიშელებმა და
ჭუბერელებმა სვანეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზა გადაკეტეს და
ითხოვდნენ, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ. ისინი ამბობდნენ, რომ
ადგილობრივები უკანონოს არაფერს სჩადიან და ხე-ტყის მოპოვება მათი
ერთადერთი შემოსავალია. სვანები მთავრობას განვითარების სხვა გზების
მოძიებას სთხოვენ. ფინანსთაა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კი
ამბობდნენ, რომ საქმე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებს ეხებოდა.
საგამოძიებო უწყებაში ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ადგილობრივებმა
ხელჯოხებითა და ქვებით მათი ავტომობილი დააზიანეს, სპეცრაზმი კი მათი
უსაფრთხოებისა და საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად იყო
მობილიზებული. საბოლოოდ, ადგილზე სუბარის ჩასვლის შემდეგ
მოლაპარაკებებით გადაწყდა, რომ ფინანსური პოლიცია და სპეცრაზმი სოფელს
დატოვებდა და საავტომობილო გზაც გაიხსნა. აქვე გახდა ცნობილი, რომ
მათთან მოსალაპარაკებლად სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები
ჩავიდოდნენ.
ამავე თემაზე:
ხაიშელებისა
და სოზარ სუბარის შეხვედრა დასრულდა - ორ კვირაში სვანეთში მთავრობის
წარმომადგენლებს ელოდებიან
მასალის გამოყენების პირობები