სამშენებლო კომპანია „დაგში“ ამბობენ, რომ ზუგდიდის მშენებარე სტადიონის პირველ სართულზე არსებულ დაზიანებებს აღადგენენ, იმის მიუხედავად, რომ კომპანიის მტკიცებით, მათი მშენებლობის
ხარვეზი არ იკვეთება. „დაგის“ პრესსამსახურში რადიო
„ათინათს“ უთხრეს, რომ შენობას ვენტილაცია-კონდიცირება არ აქვს, რის გამოც გიბსო-კარდონი ჩამოიშალა.
„დაკეტილ შენობაში დაგროვდა ნესტი და ჩამოიშალა არა ჭერი და კონსტრუქცია, არამედ გიფსო-კარდონი. ეს ნამდვილად არ არის ჩვენი მშენებლობის ხარვეზი, მაგრამ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვიღებთ პასუხისმგებლობას და აღვადგენთ დაზიანებებს“, - გვითხრეს კომპანიაში.
რაც შეეხება ბეტონის სარტყელს, „დაგში“ ამბობენ, რომ მათ პროექტის მიხედვით იმუშავეს, თუმცა, თუ პროექტი გადაკეთდა, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლის თქმით, კეთილ ნებას გამოიჩენენ და მოანგრევენ.
ჯერ კიდევ გასულ წელს ფეხბურთის ფედერაციამ კედლის მორღვევის რეკომენდაცია გასცა, რადგან კედლის არსებობის შემთხვევაში სტადიონი უეფას მესამე კატეგორიის სტანდარტებს არ დააკმაყოფილებდა. ზუგდიდის ახალი სტადიონის მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოების პროექტირება გასული წლის ზაფხულში დასრულდა, თუმცა მერიას ტენდერი ამ დრომდე არ გამოუცხადებია. როგორც მაიზერ ნანავა ამბობს, ამ ეტაპზე ექსპერტიზა მიმდინარეობს, რაც გარკვეულ ვადებთანაა დაკავშირებული, თუმცა როდის გამოცხადდება მშენებლობის მეორე ეტაპზე ტენდერი, ჯერჯერობით უცნობია.
პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ლარია, სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 9 747 000 ლარი იყო გათვალისწინებული. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს.
ამავე თემაზე:
მაიზერ ნანავა: სტადიონზე დაზიანებებს სამშენებლო კომპანია „დაგი“ აღადგენს (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები