შაბათს, 16 თებერვალს სკეიტ პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე 120 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართება. ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ მოქალაქე მერაბ ოკუჯავამ უთხრა.
მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული აზრის მქონე ზუგდიდელები ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ნოემბრიდან უშედეგოდ ითხოვენ.
„რამდენჯერ მოვითხოვეთ შეხვედრა ხელისუფების წარმომადგენლებთან და ამ საკითხის განხილვა, თუმცა უშედეგოდ. სხვა გზა არ არის - უნდა გამოვიდეთ და ვთქვათ ჩვენი აზრი, თორემ ამ ტერიტორიას ისე გაყიდიან არავის არ კითხავენ. ეს იქნება მშვიდობიანი და აპოლიტიკური აქცია. ზუგდიდი Times-ის ჯგუფში გვქონდა გამოკითხვა, რომელშიც 200-მდე მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა და თითქმის ყველა წინააღმდეგია იქ სასტუმროს აშენების“, - თქვა მან.
ოკუჯავა ამბობს, რომ სკეიტ პარკი რეკრეაციული ზონაა და ის სხვა კუთხით უნდა განვითარდეს.
„ვეთანხმები იმ აზრს, რომ ყინულის სასახლე გადასატანია, თუმცა მის ნაცვლად სხვა სიმახინჯის აშენებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. ეს ტერიტორია სხვა კუთხით უნდა განვითარდეს, დარგონ ხეები და სხვანაირად გაალამაზონ“, - ამბობს ოკუჯავა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საჯარო განხილვის მზაობა გამოითქვა. რაც შეეხება დისკუსიის ჩატარების დროს და ადგილს სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ის მალე გახდება ცნობილი.
ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიის მიმდებარედ, იუსტიციის სახლის უკან სამშენებლო კომპანია m² სამსართულიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდულაძემ სასტუმროს პროექტის პრეზენტაციაზე 25 ნოემბერს ისაუბრა. როგორც ბურდულაძემ აღნიშნა, მას ამ საკითხზე ზუგდიდელების აზრი და შეფასებები აინტერესებს. მისი თქმით, სასტუმრო იქნება საერთაშორისო ბრენდის და ის ხელს არ შეუშლის დადიანების სასახლის ხედს.
ამავე თემაზე:
რას ფიქრობენ ზუგდიდელები ყინულის სახლის ადგილას სასტუმროს მშენებლობაზე (ვიდეო)
ზუგდიდში ყინულის სახლის ადგილას სასტუმროს აშენება იგეგმება
მასალის გამოყენების პირობები