ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, "ეიპიემ ტერმინალს ფოთს" აქვს უფლება, 2 მაისის ბრძანების გაუქმებასთან
დაკავშირებული გადაწყვეტილება სამართლებრივ ჭრილში განიხილოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს წალენჯიხაში ვიზიტისას განუცხადა. თურნავა ამბობს, რომ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა კანონიერ ფარგლებში უნდა იყოს და აღნიშნავს, რომ გაცემული ნებართვა არა მშენებლობას, არამედ მიწათსარგებლობას ეხებოდა.
"ეიპიემ ტერმინალს ფოთი" არის მნიშვნელოვანი გლობალური ინვესტორი, რომელიც მნიშვნელოვან კონტრიბუციას აკეთებს ჩვენი ქვეყნის ლოჯისტიკის განვითარებაში, ფოთის პორტი არის უმნიშვნელოვანესი და ვაფასებთ მათ წვლილს. მათ უფლება აქვთ სამართლებრივ ჭრილში განიხილონ ჩვენი გადაწყვეტილება. მათთან ურთიერთობა კანონთან შესაბამისობაში უნდა იყოს მოყვანილი, ყველა დარღვევა უნდა აღმოიფხვრას, სხვაგვარად არ ეკადრება არც სახელმწიფოს, სამინისტროს და გლობალურ ინვესტორს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დოკუმენტი გაცემული იყო ისე, რომ არ ვიყავით საქმის კურსში და რაც ასევე მნიშვნელოვანია, მშენებლობა მაგ დოკუმენტის საფუძველზე არ დაიწყებოდა. ეს არ იყო მშენებლობის ნებართვა, რადგან ამისთვის არაერთი დასკვნა და დასაბუთებაა საჭირო. თუკი ასეთ რამეს წარმოადგენენ, განვიხილავთ მას, მხოლოდ ანაკლიის პორტის პრიორიტეტის კონტექსტში", - აღნიშნა მინისტრმა.
"ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაუქმებულ ბრძანებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი
განცხადება გაავრცელა. კომპანიაში სამართლებრივი ღონისძიებებისთვის მიმართვას არ გამორიცხავენ და ამბობენ, რომ 2 მაისის ბრძანების გაუქმებასთან დაკავშირებულ მოვლენებს ყურადღებით ადევნებენ თვალყურს.
მასალის გამოყენების პირობები