საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპერტის მამუკა კვარაცხელიას
თქმით, ზუგდიდში მშენებარე სტადიონზე ბეტონის
კედლის მორღვევის რეკომენდაცია ფეხბურთელების უსაფრთხოებიდან
გამომდინარე გაიცა. მისივე ცნობით, ასევე უნდა დაინგრეს კიდევ
ერთი ბეტონის კედელი, რომელიც მაყურებელს სათამაშო მოედნის სრულად
დანახვაში უშლიდა ხელს. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები
ზუგდიდში რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდნენ.
„რა თქმა უნდა, არის სხვადასხვა ხარვეზი, რომელიც უნდა გამოსწორდეს,
თუმცა, მთლიანობაში, ნამდვილად უეფას სტანდარტების სტადიონი შენდება.
ჩვენ აქ ეროვნული ნაკრები უნდა ვათამაშოთ“, - აღნიშნა
კვარაცხელიამ.
ზუგდიდის ახალი სტადიონის სათამაშო
მოედანზე აშენებულმა ბეტონის კედელმა სოციალურ ქსელში მომხარებლების
უკმაყოფილება გამოწვია. ფეისბუკ მომხმარებლები წერდნენ, რომ ბეტონის
გალავანი ფეხბურთელების უსაფრთხოებისთვის საშიშია. მოგვიანებით,
საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ზუგდიდის მერიაში გააკეთეს და
აღნიშნეს, რომ მშენებლობა სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს.
კომპანიაში „დაგი“ კი ამბობდნენ, რომ ისინი სამუშაოებს პროექტის
მიხედვით ასრულებენ.
ზუგდიდის ცენტრალური სტადიონის პროექტი ძირითადი და სათადარიგო
სტადიონის მშენებლობას ითვალისწინებს მთავარი მოედანი, რომლის
სამუშაოები ოქტომბერში დასრულდა, 7 200-ზე მეტ მაყურებელს დაიტევს.
ასევე, დაგეგმილია 1224 ადამიანზე გათვლილი სათადარიგო მოედნის
მშენებლობა და განათების მოწყობა. მთავარი მოედანი ბუნებრივი საფარით,
ხოლო სათადარიგო ხელოვნურით დაიფარება.
პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ლარია, სტადიონის პირველი
ეტაპის სამუშაოებისთვის 9 747 000 ლარი იყო გათვალისწინებული. პროექტი
სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სტადიონები და
დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის
ახალი სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა
მასალის გამოყენების პირობები