არჩევნები
აბაშის მერობის კანდიდატი - ჩემგან ყველა სახლში შევა სითბო - „ოცნების“კანდიდატების დაპირებები სამეგრელოს მოსახლეობას (ვიდეო)
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები წარადგინა. გიორგი კვირიკაშვილმა შეკრებილებს მიმართა და უთხრა, რომ ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც მათი კეთილდღეობისთვის მზად არიან, 24 საათი იზრუნონ. თავად კანდიდატებს ამომრჩევლებისთვის არ მიუმართავთ, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ, მათ ჟურნალისტებთან ის მთავარი დაპირებები გააჟღერეს, რომელთაც, ისინი, არჩევის შემთხვევაში, შეასრულებენ.

„ჩემგან ყველა სახლში შევა სითბო, ზრუნვა და ის პროექტები, რომელთაც ჩვენ ყველა აბაშის მოსახლეობასთან ერთად გავაკეთებთ“, - თქვა აბაშის მერობის კანდიდატმა ლევან მაკალათიამ.



მაკალათიამდე მმართველი პარტია მერობის კანდიდატად გელა ხოშტარას განიხილავდა, თუმცა,  რა გახდა მისი შეცვლის მიზეზი, ჟურნალისტებისთვის უცნობია.

უმოკლეს დროში ყველა პრობლების მოგვარებას დაჰპირდა დევნილებს და თანამოქალქეებს სენაკში მერობის კანდიდატი ლევან კუპრეიშვილი.

"ვერკვევი მათ პრობლემებში და ვეცდები ჩემი ძალებით, ყველა პრობლემა მოვუგვარო ჩემს გუნდთან ერთად", - განაცხადა მან.




ჩხოროწყუს მერობის კანდიდატის დავით გოგუას თქმით კი, ის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაასრულებს.

„მე ვპირდები ჩემს ჩხოროწყუელებს, რომლებიც აღნიშნულ მანდატს მომანიჭებენ, რომ თითოეულ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ და ყველა დანაპირებს პირნათლად შევასრულებთ“, - აღნიშნა დავით გოგუამ.



დასაქმება და ინფრასტრუქტურა - ეს ის მთავარი გამოწვევებია, რომლებზეც ყურადღება ლაშა გოგიამ გაამახვილა.

„მთავარი დაპირებაა ინფრასტრუქტურული პროექტების გაორმაგება. რაც მთავარია, ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყება, სადაც ათი ათასობით ზუგდიდელი დასაქმდება. ეს არის ჩვენი მთავარი ოთხწლიანი გეგმა“, - თქვა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა.



მმართველი პარტიის მერობის კანდიდატებმა „ქართულ ოცნებასა“ და პრემიერ კვირიკაშვილს ნდობისთვის მადლობა გადაუხადეს. პრემიერმა მათ წარდგენამდე ზუგდიდში მიმდინარე, უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა, მათ შორის, ანაკლიის პორტზე, ბოტანიკური ბაღისა და თეატრის რეაბილიტაციაზე, რუხის საუნივერსიტეტო კლინიკასა და ენგურჰესის ტურისტულ პროექტზე. მას ჟურნალისტებთან კომენატარი არ გაუკეთებია.





ამავე თემაზე:

ეს ადამიანები მზად არიან 24 საათი იზრუნონ თქვენზე - პრემიერ-მინისტრი „ქართული ოცნების“ კანდიდატებზე 

“ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგენაზე სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტიდან ჩამოვიდნენ (ვიდეო)

პრემიერი დღეს ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს წარადგენს

Print