მულტიმედია
“ქართული ჩირი”- ქართულ და უცხოურ ბაზარზე დამკვიდრებას ცდილობს (ვიდეო)

ვაშლი, კივი, ხურმა, მსხალი, ლეღვი, მანდარინი, ყურძენი, საზამთრო, ნესვი, ტყემალი, ქლიავი, ბუშმალა -ხილის თითქმის ყველა სახეობისგან 45 წლის მაია შენგელია, საკუთარი ტექნოლოგიებითა და მეთოდებით „ქართულ ჩირს“ აწარმოებს.

შპს „ქართული ჩირი“- ნელ-ნელა იმკვიდრებს ადგილს ადგილობრივ ბაზარზე. ამ დარგის განვითარების ტენდენცია ბაზარზე არსებული მოთხოვნილების შესაბამისად მზარდია. მაიამ ეს საქმიანობა 20 წლის წინ ოჯახურ პირობებში დაიწყო.

„90 წლები იყო, ომიანობის პერიოდი, სახლიდან გარეთ ვერავინ, რომ ვერ ბედავდა გასვლას და სწორედ მაშინ გადავწყვიტე რაღაცა მეკეთებინა სახლში, თან ახალი გათხოვილი ვიყავი. ჩემი მშობლები მხოლოდ ლეღვისგან და ვაშლისგან ამზადებდნენ ახალი წლისთვის ჩირებს, ვიფიქრე თუ ლეღვისგან და ვაშლისგან არის შესაძლებელი ჩირების მომზადება, რატომ არ შეიძლებოდა სხვა ხილიც მეცადა. დროდადრო ახალ-ახალი იდეები იბადებოდა და ასე მრავალფეროვანი გავხადე ჩირის გაშრობა“, -ამბობს მაია.

მაიას ორი წლის წინ ექიმებმა მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რამაც დროებით შეუშალა ხელი გაეგრძელებინა ჩირების მომზადება.

„სამწუხაროდ დიდ პარტიებს ვერ ვამზადებ, რადგანაც მეორე წელია, რაც მკერდის კიბოთი ვარ დაავადებული და თვეში ერთხელ მიწევს ქიმიური პრეპარატებით მკურნალობა. მინდა ყველა ჩემნიარ ავადმყოფს მოვუწოდო, არ უნდა დანებდნენ, იმედი უნდა ქონდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე თავიდან კარგა ხანი დეპრესიაში ვიყავი, ყველაფერი მივატოვე, მერე მივხვდი, რომ ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები ძალიან განიცდიდნენ ჩემს მდგომარეობას და ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე, როგორმე ცხოვრება თავიდან გამეგრძელებინა. ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები ძალიან დამეხმარნენ, რადგანაც ამ საქმეს დიდი ენერგია და შრომა სჭირდება - ამბობს მაია.

USAID-მა პროექტ „ახალი ეკონომიკური ინიციატივების“ ფარგლებში მაიასთვის ხილისა და ბოსტნეულის საშრობი დანადგარი 40 ათას ლარად შეიძინა, რამაც მისი საქმიანობა უფრო მეტად მომგებიანი და ეფექტური გახადა.

„მზის საშრობად“ წოდებული დანადგარი, რომელიც მაიას ეზოში საპატიო ადგილს იკავებს, გასაშრობად გამზადებული პროდუქცია დაახლოებით ორი კვირის მანძილზე ინახება. მაიას თქმით, ამ საქმიანობას სიახლეები ძალიან უხდება და მას დროდადრო ახალ-ახალი იდეები უჩნდება.

მისთვის ყველაზე საყვარელ და საჭირო ატრიბუტებს, დიდ ქვაბებს, დიდ მაცივარს, სხვადასხვა ფორმის მაკრატელს, ხილის დასაჭრელ დანებსა და ფორმებს რამდენიმე დღეში ყველაზე მთავარი დანადგარი, ვაკუუმის შესაფუთი აპარატი შეემატა. ამ აპარატის საშუალებით იგი უკვე თავისუფლად შეძლებს, შეფუთული და ვადით განსაზღვრული უგემრიელესი ჩირები ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდად გაიტანოს.

წინ კი სიღნაღში და საზღვარგარეთ გამოფენა ელოდება.

თეა შონია
თინათინ ბუკია
Print