ხაჭაპური, როგორც კულტურული მემკვიდრეობა - ზუგდიდელი დიასახლისის რეცეპტები (ფოტო, ვიდეო)
13:48 / 25.01.2019
რძე, ზეთი, ფქვილი, საფუარი, მარილი და ყველი - ამ ინგრედიენტებს ზუგდიდელი მზია კანკია მეგრული ხაჭაპურის გამოსაცხობად იყენებს. დიასახლისი ყვება,
რომ ტრადიციული კერძი დედის რეცეპტით პირველად 17 წლის ასაკში გამოაცხო, მას შემდეგ გაიწაფა. ახლა კი მის მოსამზადებლად სხვადასხვა მეთოდს იყენებს. „მეგრული ხაჭაპურის ცომი ძირითადად რძით მზადდება. ძველად მას ყველის ამოყვანის შემდეგ მორჩენილი შრატითაც აკეთებდნენ. ზედმეტი დამატებები არ სჭირდებოდა, ცხვებოდა კეცზე, კეცზე გამომცხვარი განსაკუთრებულად გემრიელია. ამას დღეს ჩვეულებრივი გაზქურით ვერ მივაღწევთ“, - ამბობს მზია კანკია.
დიასახლისი აუცილებლად სოფლის რძეს ყიდულობს და ამბობს, რომ ხაჭაპურისთვის იდეალურია ახალი ჭყინტი ყველი, რომელსაც საგულდაგულოდ არჩევს. შემდეგ კი ფაფუკ ცომს ამზადებს. ცხობისას განწყობაზეც ზრუნავს, რადგან თვლის, რომ გაბრაზებულ ქალს, რაც არ უნდა მოინდომოს, გემრიელი კერძი არ გამოუვა. დღესასწაულებზე და მცირე სტუმრიანობის დროსაც კი ოჯახში ხაჭაპურის გარეშე სუფრა არ იშლება. ღომის და ელარჯის შემდეგ მას საპატიო ადგილი უჭირავს. არც მოულოდნელად მოსული სტუმარი რჩება იმედგაცრუებული - მისთვის დიასახლისს სახელდახელო რეცეპტი აქვს.
„ამ დროს არის ხოლმე მაწვნის ცომი, მარტივად და უცებ მზადდება. სტუმარსაც არ უწევს ლოდინი, საფუარის გარეშე მზადდება: მაწონი, ცხიმი, ზეთზე გაკეთებული უფრო მსუბუქია, ის უფრო მარტივად ამოდის, სოდით“, - თქვა მან. მზია კანკია თვლის, რომ ხაჭაპური ყველა ქვეყნის წარმომადგენელმა უნდა დააგემოვნოს, მით უმეტეს, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ხაჭაპურის საკუთარი ვერსია აქვს.
„არ ვიცი ვინ გამოაცხო პირველმა ხაჭაპური, მეგრელებმა, იმერლებმა, აჭარლებმა, გურიაშიც არის საშობაო ღვეზელი ყველით და კვერცხით. საქართველოს ყველა კუთხეში განსხვავებულად ამზადებდნენ და ამიტომ არის ჩვენთვის ასე ტრადიციული“, - გვიყვება დიასახლისი.
თვლის, რომ კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭება არა მხოლოდ ხაჭაპურის, არამედ, ზოგადად, მეგრული სამზარეულოს პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
მზია კანკიას მეგრული ხაჭაპურის რეცეპტი :
1 ლიტრი რძე ან წყალი
1 სუფრის კოვზი საფუარი
1 ჩაის კოვზი მარილი
1 ჭიქა ზეთი
ფქვილი - რამდენსაც შეიზელს. ცომი უნდა იყოს საშუალო სისქის
ყველი 350-400 გრამი თითო ხაჭაპურზე, ის არ უნდა იყოს გადამწიფებული
კვერცხის გული ყველთან ერთად უნდა წავუსვათ შეკრულ და გაბრტყელებულ ცომს, გამოცხობამდე ხაჭაპური მაწვნით:
0.5 ლიტრი მაწონი
1 ჩაის კოვზი მარილი
1 ჭიქა ზეთი (150 კარაქი ან მარგარინი)
ფქვილი რამდენსაც შეიზელს- ცომი უნდა იყოს რბილი
1 ჩაის კოვზ სოდას დავუმატოთ 4 სუფრის კოვზი ფქვილი
ცომი ოდნავ გავაბრტყელოთ, მოვაყაროთ სოდიანი ფქვილი, ეს პროცესი გავიმეოროთ ოთხჯერ და ცომი გავაჩეროთ 20 წუთი კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს „ხაჭაპურის ტრადიციას საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
მასალის გამოყენების პირობები