დაფინანსებული
ურთაფესტი - ღონისძიება, რომელმაც ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ქალაქისა და ზღვის ხედის ფონზე, ერთ სივრცეში გააერთიანა (ფოტო/ვიდეო)
23 ივნისს, ცაიში-ურთას ბილიკის მიმდებარედ, მუსიკალური ღონისძიება სახელწოდებით "ურთაფესტი-ხელოვნება მაღალზეა" გაიმართა.

ფესტივალზე მოეწყო სხვადასხვა, მათ შორის მუსიკალური, ფოტოგრაფიის, მხატვრობის, ხელნაკეთი ნივთების დამზადების, კვებისა და იშვიათი წიგნების გამოფენის სივრცე.

"ამ ადგილს საფუძველი გასულ წელს ჩაეყარა "ზუგდიდის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის" მხარდაჭერით. დღეს აქ მოეწყო საპიკნიკე ადგილი, საქანელა, საკარვე ზონა და სამომავლოდ, ამ ადგილის უფრო მეტ დატვირთვას და განვითარებას ველით. ამ პროექტის ფარგლებში დღეს სხვადასხვა შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებმა კუთხეები მოაწყვეს, მათი პროდუქციის თუ მომსახურების პრეზენტაცია და იმ უნარების დემონსტრირება, რაც მათ პროექტის განმავლობაში დაუგროვდათ. ამ სივრცის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა საჭიროებების მიხედვით, მაგალითად, ახალგაზრდები სკაუტური მიმართულებით, შეიძლება ეს იყოს ხელოვნება და მუსიკა, ასევე, ხელნაკეთი ნივთები", - ამბობს ედუარდ ფარცვანია, "ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის" ხელმძღვანელი.

ის ასევე ამბობს, რომ ღონისძიების მუსიკალური ნაწილი მრავალფეროვანი იყო. ინსტრუმენტულ და ვოკალურ კომპონენტში პროექტის მონაწილე საკუთარ ბენდთან უკრავდა და მღეროდა, ღამე კი "ბჟამინოლის" დიჯეინგის კურსდამთავრებულების პერფორმანსით დასრულდა.
"ეს ბილიკი სულ რამდენიმე ადამიანმა, მეგობრებმა და ადგილობრივმა ახალგაზრდებმა დავგეგმეთ, იყო იდეა, რომელიც მცირე გრანტით, ძირითადად, მოხალისეობრივი მუშაობით და გარკვეული რაოდენობის ჯიბის ფულით განხორციელდა. ეს ბილიკი, როგორც უკვე ნახეთ, მოწყობილია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ყველანაირი სტანდარტის დაცვით, რის შემდეგაც დაგვებადა იდეა, რომ აქ გაგვემართა ფესტივალი. როგორც ხედავთ, ეს არის პირველი ფესტივალი, რომელიც აქ მთაზე იმართება და ეს სამომავლოდ, იქნება სხვა, მასშტაბური ფესტივალების ინსპირაცია", - განმარტავს გრიგოლ დაგარგულია, მოხალისე

ორგანიზატორების განცხადებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს „EU4Culture“ ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.

პროექტი "დაბრენდე ხელოვნება" ხორციელდება ააიპ "ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის" მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენელთა სამეწარმეო უნარჩვევების გაუმჯობესების მიზნით.
Print