დაფინანსებული
„ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“ - ზუგდიდში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა (ფოტო/ვიდეო)
28 თებერვალს, ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ჩატარდა ინფორმაციული შეხვედრა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, რომელსაც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები ესწრებოდნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.

ღონისძიების ორგანიზატორებმა ადგილობრივ ფერმერებთან, მეწარმეებთან, ბიზნესოპერატორებთან ერთად, ისაუბრეს ჯანმრთელობის და გარემოს უსაფრთხოებისთვის სათანადო, სრულფასოვან კვების მნიშვნელობაზე, ბიზნესოპერატორის ვალდებულებებზე, სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებზე.
”საქართველოს ადგილი არის ერთმნიშვნელოვნად ევროპაში. ჩვენი ევროპული მისწრაფებების ფუნდამენტური მიდგომა გადის მთავარ რამეზე: მოქალაქეების და გარემოს უსაფრთხოებაზე. ადამიანების, მომხმარებლების უსაფრთხოების კუთხით ევროკავშირმა ძალიან დიდი დახმარება და მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოს და ამ გზას აგრძელებს შეუქცევადად. ჩვენი პროექტიც ჩეხეთის კარიტასის თანაპარტნიორობით ხორციელდება სამეგრელოს რეგიონში და პროექტს ჰქვია „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, - ამბობს ა(ა)იპ ,,სამეგრელოს ხმის" დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია.

პროექტის მთავარი სამიზნე ჯგუფია მოზარდები, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ევროპულ სტანდარტთან დაახლოების თვალსაზრისით, სურსათის უვნებლობის საკითხში ინფორმაციის მიღების მნიშვნელოვან პროექტში არიან ჩართულები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის ეთო ზარქუას თქმით, ინფორმაციული შეხვედრა ხელს შეუწყობს მომხმარებლებისა და ბიზნესოპერატორების ცნობიერების ამაღლებას და მნიშვნელოვანია, რომ
მსგავსი ტიპის ტრენინგები მომავალშიც გაიმართოს.

„პროექტის ფარგლებში რეგიონებში და თბილისში შერჩეული გვყავს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ მსგავსი ტიპის აქტივობებს, რომლებიც არის-ადგილობრივ ფერმერებთან, მეწარმეებთან, ბიზნესოპერატორებთან“, - ამბობს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი პროექტის კოორდინატორი ასლან ართმელაძე.

მისივე განმარტებით, შეხვედრები გულისხმობს სურსათის უვნებლობის საკითხების ირგვლივ დისკუსიას, ასევე, სურსათის უვნებლობის მიმართულებით შემუშავებული სახელმძღვანელოზე დაყრდნობით, რათა მოსახლეობამ უფრო მეტი გაიგოს უვნებელი სურსათის შესახებ და გააძლიეროს თვითკონტროლი ბიზნესოპერატორების და სხვა სურსათის დისტრიბუტორების მიმართ.

აღნიშნული შეხვედრა ENPARD IV ფაზის ფარგლებში ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით ჩატარდა. ის ინიციირებულია ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ ,რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესების და მოახლოების ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით.
Print