„სურსათის უვნებლობა გვეხება ყველას“ - ზუგდიდში სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით ღონისძიება ჩატარდა (ფოტო/ვიდეო)
17:29 / 06.03.2025
28 თებერვალს, ზუგდიდში, ევროკავშირის მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, ჩატარდა მორიგი ინფორმაციული შეხვედრა, რომელშიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პროექტის „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“ ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, თემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის მათ შორის ეტიკეტის წაკითხვის სპეციფიკაზე, მოზარდის ჯანმრთელობაზე, უვნებელი სურსათის წარმოების ელემენტებზე.
ნუტრიციოლოგი ნანა დგებუაძე მიიჩნევს, მოზარდების მსგავს პროექტებში ჩართულობა მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ მათ მეტი გაიგონ სურსათის უვნებლობისა და ჯანსაღი კვებითი ჩვევების შესახებ და იცოდნენ, როგორ იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე.
„ეს ის თემებია, რომლებიც ემსახურება ადამიანის, მით უფრო მოზარდის სრულფასოვან განვითარებას და წინსვლას. აუცილებელია, რომ მოზარდი იყოს ეფექტიანი სწავლის პროცესში და სოციალურ ცხოვრებაში. მინდა მადლობა გადავუხადო პროექტის ორგანიზატორებს, დონორ ორგანიზაციას, არაჩვეულებრივ პედაგოგებს, ოდიშის მე-2 სკოლას. მადლობა დღევანდელი დღის გმირებს, ახალგაზრდებს, რომლებმაც ძალიან მოკლე დროში აითვისეს მასალა და არაჩვეულებრივად წარმოაჩინეს საკუთარი თავი“, - ამბობს დგებუაძე. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ინსპექტორი ეთო ზარქუა აღნიშნავს, რომ ამ დღის ძირითადი გზავნილი - „სურსათის უვნებლობა გვეხება ყველას“, ხოლო კონცეფცია - „ფერმიდან სუფრამდე“, მოიცავს წარმოების ყველა რგოლს, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, როგორც ადამიანის ჯანმრთელობისათვის, ასევე, მწარმოებლისთვის, კონკურენტუნარიანი და უვნებელი სურსათის საწარმოებლად. პროექტის მონაწილე კატო აგუმავა ყურადღებას ამახვილებს ადამიანის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის საკითხში სურსათის უვნებლობის როლზე და ამბობს, რომ პროექტი დაეხმარა მისი როლის უკეთ გათავისებაში. „პროექტის ფარგლებში, ბევრი აქტივობა ჩავატარეთ, მათ შორის ვისწავლეთ, როგორ უნდა წავიკითხოთ ეტიკეტი, რა უნდა იყოს ეტიკეტზე მოცემული, კრიტერიუმები, რის მიხედვითაც კონკრეტული პროდუქტები გაყიდვაში შედის. ვფიქრობ, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მადლობას ვუხდი ორგანიზაცია „სამეგრელოს ხმას“, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა პროექტში ჩავრთულიყავით”, - თქვა აგუმავამ. პროექტის ფარგლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის და მოზარდი თაობის აქტივობის მიმართ განსაკუთრებული გულისხმიერება და თანადგომა გამოხატა კომპანია ,,სმარტის" მენეჯმენტის ცენტრალურმა და რეგიონულმა წარმომადგენლობებმა. მათ კონკურსის თითოეული გუნდის წევრებს საჩუქრად გადასცეს ჯანსაღი კვების სასურსათო კალათები, რაც ხაზს უსვამს ამ კომპანიის გამორჩეულ სოციალურ პასუხისმგებლობას. პროექტის ფარგლებში 32-ვე კონკურსანტი დასაჩუქრდა თერმოსებით, მეხსიერების ბარათებითა და ყურსასმენებით.
პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ააიპ „სამეგრელოს ხმასთან“ თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ENPARD IV/ენპარდიIV -ის ფარგლებში. დაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
მასალის გამოყენების პირობები