დაფინანსებული
„ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“ - ზუგდიდში მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა (ფოტო/ვიდეო)
ზუგდიდში, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“ ფარგლებში მორიგი ინფორმაციული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ამჯერად მეწარმეები, მათ შორის ბიზნესოპერატორები მონაწილეობდნენ.

ორგანიზატორებმა და მოწვეულმა ექსპერტმა აუდიტორიას სურსათის უვნებლობის მიმართულებით არსებული თანამედროვე სტანდარტები გაუზიარეს, რაც პროდუქტის წარმოების პროცესს უფრო ხარისხიანს გახდის.
მეფუტკრე მარინე ქარდავა ამბობს, რომ სურსათის უვნებლობაზე ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ფერმერები ბევრ შეცდომას უშვებენ და სწორედ ამიტომ, მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა სურსათის უვნებლობის საკითხის წარმომადგენლებთან. კმაყოფილი დავრჩი. ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ იმ მეწარმეებისთვისაც, ვინც ჩვენს უკან დგანან, ჩვენთან ერთად აწარმოებენ პროდუქტებს. ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებთ ინფორმაციის არქონის გამო, ამიტომ ეს შეხვედრები, როგორც აქ ითქვა, ფერმერებთანაც უნდა იყოს, რომლებიც საკვებ პროდუქტებს ქმნიან. დიდი მადლობა სურსათის უვნებლობის წარმომადგენლებს. ვისურვებდი მსგავსი შეხვედრების კიდევ ჩატარებას“, - აღნიშნავს ქარდავა.

სურსათის უვნებლობის ექსპერტის სალომე ბოჭორიშვილის შეფასებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩატარდა მოსწავლეებთან, სადაც განიხილეს უვნებელი სურსათის წარმოების ელემენტები და მოზარდისთვის ჯანსაღი კვების მნიშვნელობა.

პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ააიპ „სამეგრელოს ხმასთან“ თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ENPARD IV/ენპარდიIV -ის ფარგლებში. დაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
Print