რეგიონი
სოხუმი: ოპოზიციის ოთხი კანდიდატურა ცესკოს წევრი გახდა
დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტმა დაამტკიცა ოპოზიციის მიერ დასახელებული კანდიდატურები, რომლებიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები გახდებიან. ესენი არიან: რომან გოგია, ვიაჩესლავ კოკოსკირი, გუდისი აგრბა და ასტამურ ფაჩალია.

19 დეკემბერს, სოხუმში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საზოგადოებრივ - პოლიტიკური სტაბილურობის შესახებ დოკუმენტი გაფორმდა. მას ხელი რაულ ხაჯიმბამ, პარლამენტის სპიკერმა ვალერი ბგანბამ და ოპოზიციური ძალების ბლოკის ლიდერმა ასლან ბჟანიამ მოაწერეს. დოკუმენტის ერთ-ერთ პუნქტში ნათქვამია, რომ „სახალხო კრება ირჩევს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 4 წევრს, რომელსაც ოპოზიციური ძალების ბლოკი წარადგენს“.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, „არჩევნების შესახებ კანონის თანახმად, ცესკოს შემადგენლობაში შედიან თავმჯდომარე და 14 წევრი. 7 წევრს პრეზიდენტი ირჩევს, რვას - პარლამენტი. ცესკოს წევრები 5 წლის ვადით აირჩევიან. დანარჩენ 4 კანდიდატურას აფხაზეთის სახალხო კრება  21 დეკემბერს განიხილავს“.

შეგახსენებთ, 15 დეკემბერს, სოხუმში ოპოზიციური ძალების ბლოკისა და დე ფაქტო ხელისუფლების მომხრეების მიტინგები გაიმართა. ოპოზიციის მომხრეები, ამჟამინდელი პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვდნენ.


Print