ახალი ამბები
ზსსუ-ს სტუდენტები ზუგდიდში "აგენტების" კანონს გააპროტესტებენ
დღეს ზუგდიდის ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან შოთა მესხიას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციას სახელწოდებით "არა რუსულ კანონს, კი ევროპას" 17:00 საათზე გამართავენ.

"შემოგვიერთდით! ვისაც გსურთ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი და ემიჯნებით რუსულ კანონს! ერთად დავდგეთ საქართველოსთვის #არარუსულკანონს", - განმარტავენ ღონისძიების ორგანიზატორები.

მანამდე, სტუდენტების ნაწილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს დილით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უნდობლობას უცხადებენ საქართველოს პარლამენტის მიერ დაინიციირებულ კანონპროექტს " უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც მათი თქმით, არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, რომლისკენაც მიილტვის საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობა.



Print