ახალი ამბები
საქართველო, ევროკავშირი და ნატო უნდა ჩაერთონ, რომ შეწყდეს სოხუმის აეროპორტის ექსპლუატაცია - ჯემალ გამახარია
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მოსკოვსა და სოხუმს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სოხუმის აეროპორტი ანექსიის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.

მისივე თქმით, აეროპორტი არამხოლოდ სამოქალაქო ავიაციისთვისაა განკუთვნილი, არამედ სამხედრო ბაზირებისთვის, ამიტომ, როგორც ამბობს, საქართველო, ევროკავშირი, ნატო, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ჩაერთონ, რომ შეწყდეს ექსპლუატაცია.

„ეს აეროპორტი ნატოსა და ევროპის წინააღმდეგ იქნება მიმართული. რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს აფხაზეთი, მიზანმიმართულად ახორციელებს ანექსიის პოლიტიკას. სწორედ ამ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი გახლავთ აეროპორტის აღდგენა. ეს არის არამარტო სამოქალაქო აეროპორტი, არამედ არის იმავდროულად სამხედრო ბაზირების. დარწმუნებული ვარ, რომ ეს უფრო იქნება სამხედრო დანიშნულების, ვიდრე სამოქალაქო. აეროპორტი უკვე ფაქტობრივად ამუშავებულია. ყველას გვახსოვს 7 თებერვალს საპილოტე ფრენა მოსკოვიდან სოხუმში. შემდეგ გაკეთდა განცხადებები, რომ 3 მაისს დაიწყება ფრენა მოსკოვიდან, 6 მაისს ნიჟნი ნოვგოროდიდან და ა.შ.

ეს არის არამხოლოდ სამოქალაქო ავიაციისთვის განკუთვნილი, არამედ არის სამხედრო ბაზირების. ისმის კითხვა, სამხედრო ავიაცია, რომელიც იქნება განლაგებული შავი ზღვის სანაპიროზე, ვის წინააღმდეგ არის მიმართული? მარტო საქართველოსი? - რა თქმა უნდა, არა. საქართველოს საწინააღმდეგოდ სავსებით საკმარისია ის, რაც არის გუდაუთაში, ბომბორას აეროპორტი. მაშინ ეს დამატებითი რისთვის და ვის წინააღმდეგაა მიმართული? - რა თქმა უნდა, ნატოს წინააღმდეგ, ევროპის წინააღმდეგაა. ჩვენ ველოდებით, რომ ნატო და ევროკავშირი ამას კარგად გაიაზრებენ და შესაბამის განცხადებას გააკეთებენ, ზეწოლას განახორციელებენ რუსეთის წინააღმდეგ იმისთვის, რომ შეწყდეს ამ აეროპორტის უკანონო ექსპლუატაცია“, - თქვა მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში სტუმრობისას გამახარია.

ცნობისთვის, 24 აპრილს, „რუსეთში აფხაზეთის ელჩმა“, ალხას კვიცინიამ „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლა გეგმის შესაბამისად დაიწყება, „მიუხედავად საქართველოს მცდელობისა, რუსულ ავიაკომპანიებს სოხუმის აეროპორტში ფრენები აუკრძალოს“. მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, თვითმფრინავები იფრენენ, თბილისის პროტესტის მიუხედავად, აფხაზეთისა და რუსეთის მაცხოვრებლებს კი ერთმანეთთან თავისუფლად ფრენა შეეძლებათ.

კვიცინიას ინფორმაციით, მოსკოვსა და სოხუმს შორის საჰაერო მიმოსვლა ოფიციალურად 1- ელ მაისს დაიწყება.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) მიმართა და მოითხოვა, რომ აიკრძალოს რუსული ავიაკომპანიების ფრენა სოხუმის აეროპორტში. მათი განმარტებით, სოხუმის აეროპორტის ოპერირება უკანონო იყო და რომ ავიაკომპანია, რომელიც შეასრულებს ფრენებს აფხაზეთში, „დაარღვევს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციის ფუნდამენტურ და ძირითად პრინციპებს“.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, უკვე ამოქმედდა სოხუმის აეროპორტის ვებგვერდი.

მანამდე, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ „სოხუმის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა გახსნილია“.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 3 მაისს ავიაკომპანია „UVT AERO“ რეისს ვნუკოვოს აეროპორტიდან შეასრულებს, 6 მაისიდან კი „Ikar Airlines“- ი დაიწყებს ფრენებს, ნიჟნი ნოვგოროდიდან სოხუმის მიმართულებით .

მოგვიანებით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ პირველი რეისი მოსკოვიდან 1 მაისს შესრულდება, სამომავლოდ კი ფრენები შაბათობით განხორციელდება.

ცნობისთვის, 7 თებერვალს სოხუმის აეროპორტმა პირველი სატესტო რეისი მიიღო მოსკოვიდან, რომელიც ავიაკომპანია „UVT Aero“-მ განახორციელა.

2023 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ, შპს "ინფრასტრუქტურის დეველოპმენტთან", რომლის ერთადერთი მფლობელია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ერთ - ერთი ვაჟი, რაშიდ ნურგალიევი.

ამავე თემაზე: 

სოხუმის აეროპორტს საკუთარი ვებგვერდი აქვს

მოსკოვში აცხადებენ, რომ სოხუმის აეროპორტში რეგულარული ფრენები 1 მაისიდან განახლდება

სოხუმის აეროპორტიდან რეგულარული ფრენები მაისიდან დაიწყება, – მოსკოვი

„აზიმუტმა“ სოხუმის აეროპორტი დაფრენის სისტემით აღჭურვა

სოხუმში საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებას ეხმიანებიან

სოხუმის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა გახსნილია, - რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო

ICAO სოხუმის აეროპორტს ყოველთვის საქართველოს სივრცის ნაწილად განიხილავს, - დარჩიაშვილი

Print