ახალი ამბები
ანაკლიის პორტის პროექტში გამარჯვებული არ არის გამოვლენილი, მივიღეთ განახლებული წინადადება, დაგვჭირდება ალბათ ერთი თვე - ლევან დავითაშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინური კონსორციუმისგან (CCCC) განახლებული წინადადება მიიღეს, რომელიც უნდა შეფასდეს.

მისივე განმარტებით, ინვესტორს წინადადებების წარდგენის ვადა აპრილში ამოეწურა და სამინისტრო მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ამ წინადადებებს დაამუშავებს, შედეგად კი გამარჯვებულს გამოავლენს.

„გამარჯვებული არ არის გამოვლენილი. ჩვენ უკვე ბოლო "დედლაინი" გვქონდა აპრილის ბოლოს, მივიღეთ განახლებული წინადადება, დაგვჭირდება ალბათ ერთი თვე იმისთვის, რომ გადავამუშაოთ ეს წინადადებები და შევაფასოთ რამდენად მისაღებია. აშშ-ში ვიზიტისას ყველგან ვისაუბრეთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. ანაკლიის პორტი ცალკე აღებული თემა არაა, ეს არის შუა დერეფნის და სატრანსპორტო დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის ნაწილი. სატრანსპორტო - ლოჯისტიკურ სფეროში თანამშრომლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო აქცენტია ჩვენი, ორი ქვეყნის ურთიერთობებში. აქედან გამომდინარე, ანაკლია ამ კონტექსტის ნაწილია და არაფერი სხვა. ჩინური ფაქტორიც ეს არის სპეკულაციის საგანი. ეს არის პროექტი, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო. ყოველთვის ხდება მის კომუნიკაცია ამასთან დაკავშირებით. ძალიან გულდასაწყვეტია და მქონდა საუბარი ამერიკაში კოლეგებთან. ჩემი მხრიდან იყო გულდაწყვეტით საუბარი, რომ არ ხდება კორექტული ინფორმაციით კომუნიკაცია და საზოგადოება შედის შეცდომაში, იმიტომ, რომ ჩვენ ამ პროექტს ვავითარებთ სახელმწიფოს უმეტესი წილით. საქართველოს სახელმწიფო ამას უყურებს როგორც კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და აქ სახელმწიფო ინტერესები არის გარანტირებული. ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სპეკულაციები კი დამაზიანებელია პროექტისთვის. შესაძლოა, გვყავდეს კერძო პარტნიორი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს 49% წილი“, - თქვა მან.

დავითაშვილმა დასძინა, რომ პორტი ძალიან სწრაფად ოპერირებადი იქნება და სრულფასოვნად შეასრულებს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ფუნქციას.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი და ტალღისმჭრელის პროექტირება/მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა 600 ათასი კონტეინერი წელიწადში, ხოლო საორიენტაციო ღირებულება – 600 მლნ აშშ დოლარია.

ცნობისთვის, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, აღნიშნული პროექტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა 150 მლნ ლარით დაფინანსდება.

პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის ეტაპი კი წარმატებით გაიარეს შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა და ჩინურ-სინგაპურულმა კომპანიებმა.

მთავრობამ, 29 მაისს, ჩინურ-სინგაპურულო კომპანია (China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური) ანაკლიის პორტის პროექტის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ გამოაცხადა.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯინ შაჰინმა იმედგაცრუება გამოხატა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების უფლებები ჩინურ კომპანიას გადასცეს.

იქამდე, 3 აპრილს, შეერთებული შტატების „ჰელსინკის კომისიის“ წევრებმა, შვიდმა კონგრესმენმა, როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიიდან, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. სენატორი შაჰინის მსგავსად, მათაც შეშფოთება გამოთქვეს “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი „ჩინეთის კომუნისტურის პარტიის მიერ მხარდაჭერილ, აშშ-ის მიერ დასანქცირებულ კონგლომერატს გადასცეს“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, გასული წლის ივნისში განაცხადეს, რომ შერჩეული ჩინური კომპანია ამერიკის მთავრობამ სამხედრო, სადაზვერვო-კვლევით საქმიანობაში, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების განვითარებაში ამხილა. ამასთან, როგორც სახდეპში თქვეს, მას აქვს თაღლითობასა და კორუფციაში მონაწილეობის ისტორიაც. კერძოდ, 2009 წელს მსოფლიო ბანკმა CCCG–ის დაფინანსებით გზებისა და ხიდების მშენებლობის პროექტები თაღლითობის გამოვლენის გამო დაბლოკა.


ამავე თემაზე: 

ანაკლიის პორტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, მის ამოქმედებას ცენტრალური აზია, ევროპის სახელმწიფოები და ჩინეთი ყურადღებით ელოდებიან - მინისტრის მოადგილე

სენატორი ჯინ შაჰინი: დიდი იმედგაცრუებაა ანაკლიის პორტის პროექტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემა

შეშფოთებულნი ვართ „ოცნების“ გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშშ-ს მიერ სანქცირებულ, ჩინურ კონგლომერატს გადასცეს - ჰელსინკის კომისიაანაკლიის პორტის პროექტი უფრო მეტად კონკურენტუნარიანი და ეფექტიანი იქნება განხორციელებისას - მინისტრი

პროექტის პირველი ფაზა, გეგმის თანახმად, 2029 წლისთვის დასრულდება - ირაკლი კობახიძე ანაკლიის პორტის მშენებლობაზე

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ოპერირებას 2029 წელს დაიწყებს, - ლევან დავითაშვილი

ანაკლიაში სამშენებლო სამუშაოებისთვის საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის ტენდერი მეორედ გამოცხადდა

ანაკლიაში პორტის პროექტირება-მშენებლობის დაწყების ღონისძიება გაიმართაპორტის პროექტირებისთვის ადგილზე სხვადასხვა სამუშაო დაიწყო - ანაკლიის საზღვაო ნავსადგური

2025 წლის ბიუჯეტის პროექტით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის 150 მლნ ლარია გამოყოფილი

ანაკლიის პორტის პროექტი გეგმაზომიერად მიმდინარეობს, შეფერხების გარეშე - მინისტრი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს ბელგიური კომპანია შეასრულებს - ეკონომიკის სამინისტრო



Print