შეერთებული შტატების „ჰელსინკის კომისიის“ წევრები, შვიდი კონგრესმენი, როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიიდან, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
„ჰელსინკის კომისიის“ წევრები განცხადებაში შეშფოთებას გამოთქვამენ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი „ჩინეთის კომუნისტურის პარტიის მიერ მხარდაჭერილ, აშშ-ის მიერ დასანქცირებულ კონგლომერატს გადასცეს“.
„ამ გარიგებაში ჩართულ დეველოპერებს, მათ შორის “ჩინეთის კომუნიკაციების სამშენებლო კომპანიას” აქვთ ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების მასპინძელი ქვეყნების ექსპლუატაციისთვისა და დესტაბილიზაციისთვის გამოყენებისა, და ამ ქვეყნების ჩინეთზე დამოკიდებულების გაღრმავების ისტორია.
რუსეთთან კოლაბორაციით ჩინეთის მზარდი ჩართულობა შავ ზღვაში რეგიონს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის და ზღუდავს თავისუფალ ვაჭრობასა და კომერციას. ამ გარიგების წინ წასვლით “ქართული ოცნება” უფრო დიდი საფრთხის ქვეშ დააყენებს თავისი ქვეყნის დემოკრატიულ ტრაექტორიას და შესაძლებლობას, განსაზღვროს საკუთარი ეკონომიკური მომავალი.
მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას და შეაფასოს წინადადებები თავისი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის სამართლიანად და გამჭვირვალედ გასავითარებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერები არიან: კომისიის თავმჯდომარე როჯერ უიკერი (სენატორი, რესპუბლიკური პარტია), თანათავმჯდომარე ჯო უილსონი (კონგრესმენი, რესპუბლიკური პარტია), შელდონ უაითჰაუსი (სენატორი, დემოკრატიული პარტია), სტივ კოენი (კონგრესმენი, დემოკრატიული პარტია), მარკ უიზი (კონგრესმენი, დემოკრატიული პარტია) და ჯონ კორნინი (სენატორი, რესპუბლიკური პარტია).
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ჩინური კონსორციუმის (China Communications Construction Company Limited-ი (CCCC) სავარაუდო გამარჯვებულად გამოვლენას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გასული წლის ივნისში გამოეხმაურნენ.
მათი განმარტებით, შერჩეული ჩინური კომპანია ამერიკის მთავრობამ სამხედრო, სადაზვერვო-კვლევით საქმიანობაში, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების განვითარებაში ამხილა. ამასთან, როგორც სახდეპში თქვეს, მას აქვს თაღლითობასა და კორუფციაში მონაწილეობის ისტორიაც. კერძოდ, 2009 წელს მსოფლიო ბანკმა CCCG–ის დაფინანსებით გზებისა და ხიდების მშენებლობის პროექტები თაღლითობის გამოვლენის გამო დაბლოკა.
„მისი ერთ-ერთი წინა პროექტი, ანაკლიის მსგავსად, დაიწყო საჯარო-კერძო პარტნიორობით, მაგრამ შედეგად ჩინეთმა მიიღო 99-წლიანი იჯარა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, შემდგომში კი ჩინური "კვლევითი ხომალდების" ვიზიტები, რამაც მთელი რეგიონის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. შრი-ლანკაში, ჰამბანტოტაში მდებარე ეს პორტი ამჟამად სამარცხვინოა ჩინეთისა და მასპინძელი შლი-ლანკის სარგებლის უთანასწორობის თვალსაზრისით“, - განაცხადეს უწყებაში.
ცნობისთვის, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა 150 მლნ ლარით დაფინანსდება.
პორტის სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენების გადაწყვეტილება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის დეკემბერში მიიღო.
პროექტის პარტნიორის შერჩევის ეტაპი შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა და ჩინურ-სინგაპურულმა კომპანიებმა წარმატებით გაიარეს.
თავდაპირველად, პორტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა, პირველი გემები კი 2020 წლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა, სახელმწიფომ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.
ამავე თემაზე:
ჩინურ კომპანიას აქვს თაღლითობასა და კორუფციაში მონაწილეობის ისტორია - აშშ-ის სახდეპი ანაკლიის პროექტზე
ანაკლიის პორტის მშენებლობას 2024 წლის გაზაფხულზე დავიწყებთ - პრემიერი
შესაძლოა, ჩინური კონსორციუმი გამარჯვებულად არც გამოცხადდეს - მინისტრი ანაკლიის პორტის პროექტზე
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩინეთმა არ უნდა ააშენოს - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე
ანაკლიის პორტი გახდება ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის სიმბოლური პროექტი - ჩინეთის ელჩი
ჩინეთთან ბიზნესის კეთებისას მნიშვნელოვანია ჩატარდეს საფუძვლიანი გამოკვლევა - აშშ-ის სახდეპი
ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩართვის პრობლემა ჩინურ კომპანიებს არ ექნებათ - ჩინეთის ელჩი
ანაკლიაში ჩინელების ამ დოზით შემოყვანა დანის ჩარტყმაა ამერიკელ, ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობებში - პრეზიდენტი
მასალის გამოყენების პირობები